თემა
04.12.2009
ავტორი
მასპინძელი
უკან  |  ნანახია 1976-ჯერ  |  შეფასება

ჯერ იყო ფილმები ანტიკურობაზე, მერე კოსმოსზე, მერე კარატეზე, მერე რობოტებზე, მერე ჟიზნენები. ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა კომიქსები და ფილმები სამყაროს აღსასრულის შესახებ. ჩვენ ყურადღებას კომიქსებზე შევაჩერებთ, სამყაროს აღსასრული დაიცდის.

იმისათვის, რომ გავიგოთ თუ რატომ გახდნენ კომიქსები პოპულარულნი, აუცილებელია ჩავწვდეთ იმას, თუ რის შესახებ მოგვითხრობენ ისინი და ვინ არიან მათი გმირები. პირველი კომიქსის გმირი, რომელიც საქვეყნოდ გახდა ცნობილი გახლავთ სუპერმენი, რომელიც 1938 წელს მოევლინა სამყაროს. მისი გამოჩენა ემთხვევა დიდი დეპრესიის პერიოდს, თუმცა სამყარო, რომელიც ასახულია სუპერმენის კომიქსებში სრულებით არ არის უმუშევრობით და უიმედობით განმსჭვალული. პირიქით. ყველაფერი მშვენივრად არის, თუ არ ჩავთვლით კრიმინალურ ფიგურებს, რომლებიც ცდილობენ ამ მშვენიერების დარღვევას. ცნობილია, რომ მიუხედავად უმუშევრობისა ამერიკაში ნომერ 1 პრობლემად მაინც ამ უმუშევრობის მიერ გამოწვეული კრიმინალური სიტუაცია ითვლებოდა. ამ ვითარების გამო 1931-1935 წლები მოიხსენიება, როგორც „საზოგადოების მტრების ხანა“(Public Enemy Era). ანტიკურობაში ამ ცნების ქვეშ მოიაზრებოდნენ მეკობრეები, მეამბოხეები და ყველანი, რომლებიც სიტყვა Outlaw-ით(კანონის მიღმა) აღიწრებოდა. მეოცე საუკუნეში საზოგადოების მტრები იყვნენ განგსტერები, კონტრაბანდისტები, ბანკის მძარცველები და სხვა კრიმინალური ელემენტები. მოგვიანებით საზოგადოების მტრების ჯგუფს უერთდებიან კომუნისტებიც და ფაშისტებიც.

სწორედ ამგვარი საზოგადოების მტრები არიან სუპერმენის მტრებიც. თუმცა სუპერმენის საქმიანობა მხოლოდ კრიმინალურ სიტუაციათან ბრძოლით არ შემოიფარგლება. იგი აგრეთვე დაკავებულია სოციალური და ყოფითი პრობლემებითაც. ვინაიდან მას ამის ძალა შესწევს იგი ცდილობს დაეხმროს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც საკუთარი ძალებით ვერ ახერხებს გარკვეული პრობლემის მოგვარებას.

სუპერმენისაგან ძალზედ განსხვავდება კომიქსის ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული სუპერგმირი ბეტმენი(ადამიანი-ღამურა). ბეტმენის შემქმნელებზე დიდი გავლენა იქონია შერლოკ ჰოლმსის პერსონაჟმა. შერლოკ ჰოლმსიც კერძო დაკვეთების გარდა აგრეთვე ისეთ საქმეს ჰკიდებს ხოლმე ხელს, რომლის გამოძიებაც პოლიციისთვის სირთულეს წარმოადგენს. ხშირად ინსპექტორი ლესტრეიდი თავად მოდის ხოლმე ჰოლმსისთვის დახმარების სათხოვნელად. ბეტმენი, თავის მხრივ თანამშრომლობს ვინმე კომისარ გორდონთან, რომლის დავალებითაც პოლიციის შენობის თავზე ბეტმენის მოსახმობი სასიგნალო შუქურა დამონტაჟდა. მეორე ლიტერატურული პერსონაჟი, რომელსაც ჩვენ ბეტმენის პიროვნებაში ვხედავთ არის გრაფი დრაკულა. საუბარი არ არის მხოლოდ იმაზე, რომ ორივეს ერთმანეთთან ღამურა აკავშირებს, არამედ მათ სოციალური ცხოვრების წესზეც. დრაკულა, ისევე როგორც ბეტმენი, არის ძალზედ მდიდარი ადამიანი, რომელიც მაღალ საზოგადოებაში მიღებული პიროვნებაა და რომელსაც  კარგი კავშირები საზოგადოების მაღალ წრეებში. ის, რომ ბეტმენი სამოქალაქო საზოგადოების სუპერგმირია კარგად ჩანს ბეტმენის სერიის ბოლო ფილმში „ბნელი რაინდი“. მთავარი ბოროტმოქმედი ჯოკერი, რომელიც ტრადიციულად ბეტმენის მოწინააღმდეგედ აღიქმება, სჩადის ისეთ დანაშაულებებს, რომლებიც რადიკალურად განსხვავდება ბოროტმოქმედის შესახებ არსებული კლასიკური წარმოდგენისაგან. მას არ სურს ფული და ძალაუფლება. ამიტომ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ მას ბეტმენის განადგურება სურს. მაგრამ ეს აზრი მოკლებულია ჭეშმარიტებას თავად ჯოკერის განმარტებებს თუ დავაკვირდებით. მისი ამოცანა არის ქაოსის შექმნა, რათა დაანახოს ადამიანებს მათი ჭეშმარიტი სახე. ის ებრძვის წესრიგს, როგორც წესრიგს, რომელშიც ადამიანები „თვალთმაქცობენ“ და იქცევიან წესიერად. ფილმის ბოლოს კი ცხადი ხდება, რომ მისი მთავარი ამოცანა არა ბეტმენის არემედ ახალგაზრდა პროკურორის, ჰარვი დენტის განადგურებაა, ვინაიდან ის არის ჭეშმარიტი გმირი, რომელსაც ნიღაბი არ სჭირდება. ჰარვი დენტი არის პირველი პროკურორი, რომელიც გაბედავს და დააპატიმრებს მაფიის ბოსებს რაც პროკურორის საქმე არის კიდევაც, თუმცა ისეთი კრიმინალური ქალაქისთვის, როგორიც არის გოტომი, ეს ნაბიჯი გმირობად აღიქმება. ამდენად ჰარვი დენტი არის ის სამოქალაქო გმირი, რომელთა არსებობაც თავად ბეტმენის არსებობის აუცილებლობას გამორიცხავს. ამ საკითხს მოგვიანებით მივუბრუნდებით.

ზემოთაღნიშნული გმირებისგან რადიკალურად განსხვავდება ჩვენი მესამე და საზოგადოებისთვის ყველაზე საყვარელი გმირი სპაიდერმენი(ადამიანი-ობობა).  ის განსხვავდება სუპერმენისგან იმით, რომ მისი ძალა შეძენილია მუტაციის შედეგად ხოლო ბეტმენისგან იმით, რომ იგი საშუალო ფენის წარმომადგენელია. იგი არის სტუდენტი, რომელიც თავის გასატანად ჟურნალში აქვეყნებს სურათებს.

პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ რა აერთიანებს სამივე პერსონაჟს. სამივე ხმარობს ფორმას და ნიღაბს, რათა დაიცვას საკუთარი თავი და ახლობლები მოსალოდნელი საფრთხეებისაგან. თუმცა მხოლოდ სახის დამალვა რომ იყოს აუცილებელი ისინი მხოლოდ ნიღბით დაკმაყოფილდებოდნენ. ამდენად გასარკვევია, თუ რა მნიშვნელობა აქვს ფორმას. ამის ასახსნელად დაგვეხმარება მირჩა ელიადეს „ზალმოკსისიდან ჩინგიზ ხანამდე“, სადაც ავტორი განიხილავს დაკიელების წარმოდგენას საკუთარი მგლური წარმომავლობის შესახებ. ბრძოლაში წასვლის წინ ისინი ასრულებდნენ რიტუალს, იმოსებოდნენ მგლის ქურქით. ამ გზით ისინი ტოვებდნენ ადამიანურ სისტუსტეებს და იძენდნენ ძალას იმ ცხოველისაგან, ვის ქურქსაც ატარებდნენ. ვინაიდან ბრძოლა გარკვეულ სისასტიკეს მოითხოვდა, რომელიც ადამიანისთვის შესაძლოა ძნელი ჩასადენი იყოს ამიტომ ბრძოლაში ისინი არა როგორც ადამიანები, არამედ როგროც მგლები უნდა წასულიყვნენ რათა არაფერზე არ დაეხიათ უკან. გადმოცემების თანახმად, ხალხები, რომლებიც ამგვარ გარდასახვის რიტუალს ასრულებდნენ ბრძოლაში განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ და სრულიად არაადამიანურ საქციელს სჩადიოდნენ ხოლმე. იყო კანიბალიზმის შემთხვევებიც.

ამდენად ფორმა აძლევს ადამიანს ძალას, ვინაიდან ფორმის მეშვეობით იგი ტოვებს ყოველდღიურობას. იგი ქმნის ახალ სივრცეს, სადაც მასზე აღარ მოქმედებს ის ფაქტორები, რომლებიც მასზე იმოქედებდნენ ყოველდღიურობაში. რიტუალი არის სწორედ ის ერთი მომენტი, სადაც ხდება ადამიანის გარდაქმნა და ახალი ძალის მოპოვება.
საინტერესოა, ის, რომ კომიქსებში ჩვენ თითქმის ყოველთვის ვხედავთ იმას, თუ როგორ გადაიქცევა ადამიანი სუპერგმირად, ანუ მის გადაცმის პროცესს. მაშინ, როდესაც ნეგატიური პერსონაჟის შემთხვევაში ამ პროცესს იშვიათ შემთხვევებში თუ ვხედავთ. რატომ?

ჩემი აზრით რეჟისორები ცდილობენ გადაცმის პროცესს რიტუალური ხასიათი შესძინონ რათა მკაფიო განსხვავება, დაგვანახონ ორ სხვადასხვა სოციალურ როლს შორის. თუკი სუპერგმირები საკუთარ საქმიანობას სამოქალაქო საზოგადოების კეთილდღეობას უკავშირებენ მაშინ რეალურად ისინი ფორმის გადაცმის შემდეგ იგივე საქმეს ასრულებენ რასაც ფორმის გადაცმამდე, რამდენადაც თითოეული მათგანი რეალურ ცხოვრებაში სამართალმორჩილი მოქალაქეა. მაგრამ ფორმის გადაცმა მათ საკუთარი ძალის მაქსიმალური გამოყენების საშუალებას აძლევს რაც მისი ყოფითი ცხოვრების წესის შეცვლასც გულისხმობს. ამდენად ფორმის გადაცმა როგორც დაკიელების შემთხვევაში აგრეთვე სუპერგმირებთანაც ძალის გაზრდის მაჩვენებელია და ამდენად რიტუალურ ხასიათს უნდა ატარებდეს.

ამ მოვლენის ასახსნელად უნდა ვნახოთ, თუ რაში მდგომარეობს სუპერგმირების რეალური ძალა. რა თქმა უნდა ფიზიკური ძალით ისინი აღემატებიან ჩვეულებრივ ადამიანებს, მაგრამ მხოლოდ ეს არ აქცევს მათ სუპერგმირებად. სუპერგმირები ისინი არიან მაშინ, როდესაც ისინი ამ ძალის პოზიტიურად გამოყენების გადაწყვეტილებას იღებენ. სინამდვილეში ნებისმიერი ძალა თავისით შემოსაზღვრავს საკუთარი მოქმედების არეალს. იმისთვის, რომ ძალა იქნას გამოყენებული აუცილებელია ამ ძალის ქონა და ის ველი, სადაც ამ ძალის გამოყენებაა შესაძლებელი. ჰაიდეგერი ძალის არსების შესახებ ანალიზისას აღნიშნავს, რომ იმისათვის, რომ ძალა განხორციელდეს აუცილებელია, რომ ის, რაზეც ეს ძალა ხორციელდება თავად ფლობდეს ძალას აიტანოს მასზე განხორციელებული ქმედება. მაგალითად მექოთნეს აქვს ქოთანს გაკეთების ძალა, მაგრამ ეს ძალა განხორციელებადია მხოლოდ ისეთ საგნებზე, რომლებიც ძერწვას დაექვემდებარებიან. თუკი ჩვენ მასალის შესაძლებლობას არ გავითვალისწინებთ ამით ჩვენ მისი დაზიანება შეგვიძლია. ამ ლოგიკის თანახმად კარგი მცოდნე არის ის, ვინც იცის საკუთარი ძალის გამოყენების არეალი, ის ვინც საკუთარ ძალას მიმართავს იმაზე, რაც არ დაზიანდება. შესაბამისად ცუდი მცოდნე არის ის, ვინც ფლობს ძალას და არ ითვალისწინებს საგანთა შესაძლებლობებს. როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი სუპერგმირებს? მოდით ვთქვათ, რომ სუპერგმირი არის მცოდნე, და მასალა, რომელზეც ის მუშაობს არის საზოგადოება. მისი სიკარგე მდგომარეობს იმაში, რომ მისი ძალა ყოველთვის საზოგადოების საკეთილდღეოდ არის მიმართული და არა პირიქით. მაშინ, როდესაც ნეგატიური გმირი საკუთარ ძალას იყენებს იმის გათვალისწინების გარეშე, აზიანებს ეს საზოგადოებას თუ არა. ამდენად სუპერგმირისთვი საკუთარ ძალას არ იყენებს ყოველთვის, როდესაც ის მას დასჭირდება, მაგალითად როდესაც მას ფინანსური პრობლემები აწუხებს, არამედ მაშინ, როდესაც ეს საზოგადოებას სჭირდება. მისი რეალური ძალა არა ფიზიკურ ძალაში, არამედ მის გადაწყვეტილებაში მდგომარეობს, ემსახუროს საზოგადოებას. ფორმის გადაცმის მომენტი არის სწორედ ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტი. იგი უარს ამბობს საკუთარ მე-ზე, რათა შეასრულოს უფრო მაღალი ფუნქცია. კომიქსებში არ არის ნეგატიური გმირების გადაქცევის მომენტი, რამდენადაც ბოროტს უკვე აქვს გადაწყვეტილება მიღებული გამოიყენოს ძალა საკუთარი მიზნების მიღწევისთვის. მისთვის არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს სხვადასხვა იდენტობებს შორის. ბოროტება არის პერმანენტული.

თუქი ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა პროფესიებზე დაკვირვებით დავაფიქსიროთ გადასვლა ერთი როლიდან მეორეზე და ვთქვათ ისიც, რომ მოქალაქეობა არის აგრეთვე როლი, მაშინ გასარკვევია თუ რა ფორმა აქვს მოქალაქეს, ანუ როგორ ვატყობთ ჩვენ ვინმე არის თუ არა მოქალაქე. ამგვარი ფორმა არ არსებობს. მრავალფეროვან საზოგადოებაში, სადაც სხვადასხვა გემოვნებისა და პროფესიის ხალხი ცხოვრობს ჩვენ ადვილად შეგვიძლია დავასკვნათ თუ ვინ რას წარმოადგენს მის ტანსაცმელზე დაკვირვებით. მათ საკუთარი გადაწყვეტილება, შეასრულონ ესა თუ ის სოციალური როლი უკვე დაგვანახეს ჩაცმულობის შერჩევით. მოქალაქეობრიობა კი ჩანს მხოლოდ მაშინ როდესაც ეს ხალხი იღებს გადაწყვეტილებას იმოქმედონ მოქალაქეობრივად. ითანამშროლონ პოლიციასთან, სასამართლოსთან, სახანძროსთან, არ დაანაგვიანონ საჯარო თავშეყრის ადგილები, დაიცვან სამოქალაქო წესრიგი და ა.შ. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სწორედ საკუთარი შესაძლებლობების შეზღუდვის იგივე მაგალითი, რაც ეს იყო სუპერგმირების შემთხვევაში. ნებისმიერ ადამიანს შესწევს ძალა დაარღვიოს კანონი. ამისათვის არ არის აუცილებელი ვინმეს ზებუნებრივი ძალა ჰქონდეს. უნივერსიტეტში სიგარეტის მოწევაც საკმარისია. მაგრამ სწორედ საკუთარი ძალის საზოგადოების სასარგებლოდ შეზღუდვა ხდის ადამიანს მოქალაქედ ისევე როგორც ადამიანს სუპერგმირად.

სუპერგმირები არიან ისინი, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ძალებით იმ ნაკლოვანებების შევსებას, რომლებიც მოცემულ საზოგადოებაში არსებობენ. საზოგადოებაში არსებობს სტრუქტურები, რომლებიც წესრიგის დაცვას ემსახურებიან, თუმცა მათი არასრულყოფილების გამო ხშირ შემთხვევაში ისინი არაეფექტურნი არიან. სუპერგმირები გარკვეულწილად განავრცობენ ამ სტრუქტურებს და თანამშრომლობენ მათთან. ბეტმენი ამ მხრივ უშუალოდ სამართალდამცავი სტრუქტურების გაგრძელებაა. პოლიციის შენობაზე სპეციალური სასიგნალო ფანარიც არის დამაგრებული, რომლის მეშვეობითაც მას საჭიროების შემთხვევაში მოუხმობენ ხოლმე. სპაიდერმენის აქტივობა სხვა სოციალურ პრობლემებსაც ეხება. იგი ეხმარება მეხანძრეებს, პოლიციელებს, მოხუცებულებს და ა.შ. ყველა ამ შემთხვევაში სუპერგმირები ჩნდებიან მაშინ, როდესაც ადამიანური ძალა ვეღარ უმკლავდება არსებულ პრობლემას. მაშასადამე თანამედროვე სამყაროში გმირად მოიხსენიება ყველა, ვინც საკუთრ ძალას საზოგადოების კეთილდღეობაზე მიმართავს. შესაბამისად ვინც საკუთარ სუპერ ძალას მიმართავს ამ ამოცანის შესასრულებლად სუპერგმირი ჰქვია. რა თქმა უნდა სახელმწიფო ხშირად ავლენს ხოლმე სამოქალაქო გმირებს, და წააქეზებს ხოლმე მათ საქმიანობას. თუმცა სახელმწიფოს მხრიდან წაქეზება საკმარისი არ არის და ამდენად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კომიქსების სახით ხდება მოქალაქეობრივი ცნობიერების პოპულარიზაცია.

რაც ჩვენ ავღწერეთ კარგად ასახავს დასავლურ სამყაროში არსებულ ვითარებას თუმცა საკითხავია რამდენად არის იგივე ანალიზი საქართველოსთვისაც გამოსაყენებელი. წლების მანძილზე, საბჭოთა ოკუპაციიდან დაწყებული, სახელმწიფო ნეგატიურად იყო აღქმული და თუკი ბოროტება არსებობდა ეს სწორედ სახელმწიფოში იყრიდა თავს. ამდენად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გმირად იქნა გამოცხადებული ყველა, ვინც სისტემას ებრძოდა. სისტემასთან მებრძოლის სტატუსი დღევანდელობამდეც რომანტიული შარავანდედით არის შემკული, და ამდენად გმირებიც სწორედ ამგვარი მებრძოლები არიან. „Public Enemy“-ად საქართველოში ის ხალხი არის გამოცხადებული, რომლებიც თანამშრომლობდნენ სახელმწიფოსთან ვინაიდან არსებობს წარმოდგენა საზოგადოებისა და სახელმწიფოს გაყოფის შესახებ. თითქოს სახელმწიფოს სხვა ინტერესი ჰქონდეს ვიდრე საზოგადოებას. ყველა გმირი, რომელიც საქართველოში მე 20 საუკუნეში პოპულარული იყო არიან ყაჩაღები, განგსტერები და ზოგადად ყველანი, ვინს სიტყვა Outlaw-ით აღიწერება. პუტ კარლიტო, ადნაჟდი ვ ამერიკე, კრიოსნი ატეც, დათა თუთაშხია და ა.შ. ხალხი, რომლებიც თავის ძალას მიმართავენ არა საზოგადოების სასარგებლოდ, არამედ საკუთარი კეთილდღეობისათვის ან საკუთარი პრინციპების დასაცევას, რომლებიც არ არის აუცილებელი საზოგადო ინტერესთან იყოს თანხვედრაში. სწორედ ამიტომ კომიქსები საქართველოში არც თუ ისე დიდი პოპულარობით სარგებლობენ. კაცი, რომელსაც საკმარისი ძალა გააჩნია მაგრამ ჩაგვრაზე არ რეაგირებს და ბანკის გაძარცვაზე უარს ამბობს, არის ჩმორი. ამის დამადასტურებელი ლოგიკა მარტივია: რომ შეეძლოს გააკეთებდა. ამდენად საქართველოში ძალის არსი ესმით მის დემონსტრაციაში და არა მისი შეზღუდვა რაიმე მიზეზის გამო. თუ ეს დიაგნოზი მართალია გამოსავალიც ადვილი საპოვნელია. როგორ უნდა ვაიძულოთ ხალხი შეზღუდონ საკუთარი ძალა საზოგადოების სასარგებლოდ? 1. ძალით ვაიძულოთ ამის კეთება ჯარიმების სახით. 2. ბავშვობიდანვე ვასწავლოთ მათ საკუთარი ძალის კონტროლი და ავღზარდოთ ისინი მოქალაქეებად. პირველი პუნქტი ახსნას არ საჭიროებს, მეორე პუნქტზე კი ჩემს შემდგომ სტატიაში ვისაუბრებ.
 
 
 
გსურთ კომენტირება ან აზრის გამოთქმა? მოიფიქრეთ ვიდეო–პრეზენტაცია და დაუკავშირდით რომელიმე მასპინძელს ან ადმინისტრატორს.
ვიდეო და დაწერილი აზრების გვერდებზე არსებული TOP-ვიდეოებისა და TOP-სტატიების ჩამონათვალი აჩვენებს მიმდინარე წელს გამოქვეყნებულ 10 ყველაზე ბევრჯერ დათვალიერებულ დაწერილ თუ ვიდეო აზრს.

ყოველ წელს „azrebi.ge“-ს აქვს ახალი რეიტინგული სია. საიტის სტუმრებს აქვთ საშუალება დაათვალიერონ წინა წლების რეიტინგები.


2011 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული დაწერილი აზრების რეიტინგები იხილეთ ბმულზე:>>

2011 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ვიდეო აზრების რეიტინგები იხილეთ ბმულზე:>>

2009-2010 წლებში გამოქვეყნებული დაწერილი აზრების რეიტინგები იხილეთ ბმულზე:>>

2009-2010 წლებში გამოქვეყნებული ვიდეო აზრების რეიტინგები იხილეთ ბმულზე:>>