ღამე პირველი და . . . უკანასკნელიც
10.03.2011
ავტორი
მასპინძელი
უკან  |  ნანახია 22794-ჯერ  |  შეფასება
 

ლელა ნევროზების განყოფილებაში დააწვინეს. ასე ვთქვთ - ჰოსპიტალიზირდა. მშობლებმა მიიყვანეს. ქორწილიდან სამ კვირაში. არ ტიროდა. უბრალოდ, ჩუმად იყო. სახლში დაბრუნებიდან მეოთხე დღეს უცებ გული აერია და ჭამა შეწყვიტა. მხოლოდ წყალს სვამდა. მერე წყლის სმასაც დაანება თავი. აძალებდნენ. როცა დიდხანს ემუდარებოდნენ, ცოტას წრუპავდა. პირდაპირ ჭიქიდან კი არა, არამედ – პლასტმასის საწრუპავიდან. მერე საბანს თავზე გადაიფარებდა და კედლისკენ გადაბრუნდებოდა. დღე და ღამ საწოლში მოკუნტული იწვა და ხმას არ იღებდა. ექიმები, ნათესავ – მეგობრები - მეზობლები მიდიოდნენ და მოდიოდნენ. დეპრესიაო, ფსიქასთენიაო, ნევროზიო, ვის არ დამართიაო. სადღაც რეკავდნენ, ახალ სპეციალისტს, პროფესორს, პროფესორზე დიდ პროფესორს ეძებდნენ, რაღაცაზე ჩურჩულებდნენ. ანდა სხვა ოთახში გადიოდნენ და იქაც ჩურჩულებდნენ. მერე რატომღაც სახლის გარეთაც განაგრძობდნენ ჩურჩულს. ყველა ჩურჩულად გადაიქცა. აი, ხელებს რომ მკერდზე დაიწყობენ, მარჯვენას ან მარცხენას რომ ნიკაპქვეშ ამოიდებენ და თავს რამდენჯერმე გადააქნევენ - ისე. ის ახალი ექიმი კი საქმეთა ვითარებაში გარკვევისას ეუბნებოდათ: აცალეთ, გამოვიდეს სტრესიდანო, ახალგაზრდა გოგოა, ახალგაზრა ორგანიზმის პატრონი, გაუძლებსო. ანტიდეპრესანტებსაც უწერდნენ. მერე უკვე სხვა გზა არ იყო. საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ. ხმა რომ ამოიღო, პირველად ეს თქვა: “არაფერი დამიშავებია. ფილმი ვნახე ამერიკული. სიყვარულზე. შეყვარებულები იქ ისე ლამაზად ეფერებოდნენ ერთმანეთს. ვერ ვივიწყებდი. არაფერი დამიშავებია. არაფერი დამიშავებია. არაფერი დამიშავებია. არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი . . .”

20 წლის ლელა გათხოვდა. ფილოლოგიურის მესამე კურსის სტუდენტი იყო. კისკისა, ენაჭარტალა და ხუთოსანა. ნამცხვრების მცხობელი. თუმცა მაინც ვერ გავიგეთ, გათხოვდა თუ გაათხოვეს. ერთი სიტყვით – გააცნეს. 32 წლის, ნასწავლი, სამსახურიანი, ბინიანი, მანქანიანი, ოდნავ მელოტი, მაღალი, არ იგინება, კაი იუმორის გრძნობით, კაი დედ - მამის შვილი, პერსპექტიული, არ სვამს, თუ დალევს, კაი სიმთვრალე აქვს. არ იკეთებს. ხანდახან ეწევა. სხვების თანდასწრებით – არა. იცის გერმანული. უყვარს ჯაზი და საავტორო კინო. კაი წრეში მოტრიალე. დადგა დრო და პატიოსანი და წესიერი ქალი აჩვენეს. ლელა გააცნეს. სხვანაირს არც იკადრებდა მისი ოჯახი. ლელასაც შეუყვარდა. უზომოდ. ლექსებს ბავშვობაში წერდა და მოულოდნელად ძველმა გატაცებამ თავი შეახსენა. სიყვარულზე წერდა. გარითმულად. წითელგულებიან და ყვავილებიან რვეულში. არავის აკითხებდა ერთი ახლო მეგობრის, მომავალი მეჯვარის გარდა. თარგმნიდა კიდეც რაღაცას გერმანულიდან. ისე, თავისთვის. არ მახსოვს – რას. ასეთ სიყვარულზე და ქმარზე ვოცნებობდიო, ამბობდა. ყვავილებს მჩუქნისო, ლექსებს მიკითხავსო, მეგობრებთან ერთად დაგვატარებსო, მათაც მოსწონთო, რა ჭკვიანი და თავშეკავებულიაო, როგორი რაინდიაო. რა ბედნიერი ვარო, რომ შემხვდაო. მთელი ცხოვრება, დღისით – მზისით ამაზე არ ვოცნებობდიო? ბედნიერი ვიქნებიო. ლელასთვის სიყვარული არ აუხსნია. ამიტომ ვერც ლელამ უთხრა გულისნადები. ერთ დღეს გადაწყვიტა, რომ დაესწრო და  პირველს ეთქვა (არადა, ალბათ, რამდენჯერ და თანაც როგორ უთხრა გულში), მაგრამ, მეგობარმა გადააფიქრებინა - აი, ჯერ ეგ რომ გეტყვისო, მერე შენც უთხარიო. ასე ჯობსო, დამიჯერეო. გონებაში სიყვარულის განდობისა და საყვარელ მამაკაცთან შეხების სცენას ატრიალებდა. მეგობრებიც ჩააჯინდნენ, რად გინდა, რომ გითხრას, რა გეჩქარება, ცოლად ხომ გთხოულობსო, პატივს გცემსო და ესეც სიყვარულს თავისთავად ნიშნავსო . . .  ეს  პერსპქეტიული კაციც ჰპირდებოდა, ბედნიერი იქნებიო, კაი გოგო თუ იქნებიო. ლელამაც იცოდა, რომ კარგი იყო. კისკისა, ენაჭარტალა და ხუთოსანა. ნამცხვრების მცხობელი. ჩემთან ნამდვილად ბედნიერი იქნებიო, ახსენებდა კაცი. ჯერ ნიშნობა ჰქონდათ. სუფრითა და ყურებსა და კისერზე ოქროს სამკაულების – მძიმე “ბაღჩების” ჩამოკიდებით. შეძახილებით და რაღაც ქართული მუსიკის დაგუგუნებით. იგივე “ბაღჩის” მარტო ყურებზე კი არა,  ხელზეც გაკეთებით. მერე ჯვრისწერა - მმაჩის ბიურო. დღის ბოლოს – დიდი და დამღლელი ქორწილი. მგონი, სასტუმრო “აჭარაში”. მერე ვიღაცის დაკეტილ ბინაში – ლამაზად მოწყობილ საძინებელში – ღამე. ლელასთვის  - პირველი. 32 წლის კაცისთვის. . . აბა, რა საკითხვავია? მეორე დღეს სტუმრების მისვლა-მოსვლა. მერე ლელასთვის – მეორე ღამე. მესამე დღესაც  – სტუმრების მისვლა – მოსვლა. ლელასთვის - მესამე ღამე. მეოთხე ღამის დადგომამდე კანონიერმა უთხრა: ლელუშ, მოდი მანქანით გავისეირნოთო. ჩანთა მხარზე არც გადაუკიდებია, ისე ჩახტა მანქანაში და გაისეირნეს. კაცმა მანქანა დაძრა, მუსიკა ჩართო და რაღაც უთხრა ლელას, მაგრამ ლელამ ვერ გაიგო. კაცმა მუსიკა გამორთო, ისევ გაუმეორა, ლელამ ისევ ვერ გაიგო. კაცმა ისევ უთხრა და ლელას რაღაც მოესმა, მაგრამ მაინც ვერ გაიგო. მაშინ კაცმა გვარიანად აუწია ხმას და ლელამაც გაიგონა, მაგრამ მაინც ვერ გაიგო და, ალბათ, ახლაც ესმის ყურებში (12 წლის შემდეგ), მაგრამ არ და ვერ იღებს. მისი ცხოვრების სიყვარულს საუბარი შორიდან არ დაუწყია. შუკა-შუკა არ უვლია. პირდაპირ უთხრა: ქალიშვილი კი ხარო, მაგრამ პირველ ღამეს რატომ აქტიურობდიო? საიდან იციო ესეთებიო? წესით, ქალიშვილმა  ესეთი რაღაცეები არ უნდა იცოდეო, თუ მანამდე რაიმე ნაგლახავები არ გაქვსო . . (ჩვენს ენაზე, ალბათ, სექსის დროს არაქალიშვილური საქციელი - ქალის არაპასიურობას ნიშნავს). ლელა გახევებულა. ის ჩაძიებია. ლელა დუმდა. ის ეკითხებოდა, საიდანო? ვისგანო? ვინ იყოო? როდის იყოო? როდის მოასწარიო? რანაირადო? სკოლაშიო? ინსტიტუტშიო? მატყუარა ხარო, შენი დედაცო … . . .! მართლა პირში შეგ . . . ო. . . საიდან იცოდი ეს მოძრაობაო თუ პატიოსანი ხარო? “ლელუშ’–ს აღარ უძახდა. “შენი დედა! – გაიძახდა. - შენიო . . .” ლელა უფრო მეტად ქვავდებოდა. მე არავის მოვატყვილებინებ თავსო, შენი კეთილებიო… . .  ლელა თუ ვიღაც ხარო! ახლა შენს სახლთან ჩამოგსვამ, ჩემები შენს ბარგს ხვალ მოგიბრძანებენო, წადი და დედაშენმა და მამაშენმა არკვიონ შენი პატიოსანი “დვიჟენიების” ამბავიო, შენი დედაცო . . . საჭიდან კარებს გადასწვდომია და ლელას მხარეს კარი გაუღია. ხელი ოდნავ უკრია . . .  ლელა უსიტყვოდ გადმოსულა და თავისი მშობლიური კორპუსის წინ დამდგარა ხელებჩამოშვებული. სადარბაზოს უყურებდა.  კარგა ხანს მდგარა ასე გაუნძრევლად, მანამ, სანამ სახლში მიმავალ  მეზობელს არ უცვნია. დალაპარაკებია, ლელას ხმა არ გაუცია, იმას ხელი მოუკიდია, მესამე სართულზე აუყვანია და პატრონისთვის ჩაუბარებია. ძველი პატრონისთვის. ორთავ მშობლისთვის და კიდევ ძმისთვის. სამდღენახევარი თათა სხვას იყო მიპატრონებული. ახლა ძველებს დაუბრუნა. ამტყდარა ერთი ამბავი. წივილი – კივილი, გარჩევა-გამორჩევა. მეორე დილასვე გინეკოლოგთან გააქანეს. ექსპერტიზის ჩასატარებლად . . . . მშობლებს საბუთი სჭირდებოდათ. ბეჭდიანი. საარგუმენტოდ. ახალი “ჩახეული” რომ ჰქონდა, იმის დამადასტურებელი. დრო არ ითმენდა. მალე შეხორცებები წავიდოდა და გვიან იქნებოდა. ირბინე მერე, იძახე რამდენიც და რაც გინდა. ვინ დაგიჯერებს? ექსპერტომანიას რომ მორჩნენ, მერე შეამჩნიეს, რომ ლელა აღარ ლაპარაკობს და აღარც ჭამს. სიტყვის თქმას კი ცდილობს, მაგრამ მაშინვე ახველებს  და გული ერევა. უი, შვილოო, მოგიკვდითო . . . გინეკოლოგებს და “სიძისიანებთან” გარჩევა-გამორჩევას დროებით რომ შეეშვნენ, ლელას უკან მობრუნებული ბარგი ოთახებში რომ მიალაგეს, ლელას ბეჭედი მოხსნეს (იმ მეოთხე საღამოს “ბაღჩა” საყურეები არ ეკეთა. “ბაღჩები” მძიმე იყო საერთოდ და იმიტომ) და ბარგის მომტანს ბარემ უკან გაატანეს. თერაპევტმა ნერვოპათოლოგს აჩვენეთო. ნერვოპათოლოგმა – ფსიქიატრსო. ფსიქიატრმა: გირჩევთ საავადმყოფოში დააწვინოთო, სხვა რამ არ იყოსო. გამოვიკვლევთო, მე ჩემი მითქვამსო. ამათ: არა და არაო, საფსიქიატრო ჩვენს გვარში არავის არაფერი არასოდეს სჭირდაო. მერე სხვა ფსიქიატრს დაუძახეს, მერე კიდევ და მერე კიდევ. ბოლოს სამი კვირის თავზე ეს ნალოლიავებ-ნაქალწულებ-უკვეშეხორცებული შვილი როგორც იქნა საავადმყოფოში მიიყვანეს. არ ჩაგვაკვდესო. ისედაც გამხდარი ლელა მოჩვენებას დაემსგავსა. გაჭაღარავდა, ჭლექიანს დაემსგავსა. მენსტრუაცია შეუწყდა. ენდოკრინოლოგმა მკურნალობა სჭირდებაო. ჰორმონალური ძვრები ამ ასაკისთვის ძალიან ადრეაო და ძალიან იშვიათიცო თუმცა არაფერია გამორიცხულიო. სტრესმა იცისო. რაღაცეები დაუნიშნა. ფსიქო – სომატიკააო. ატყდა ტერმინების რახა – რუხი. ახლობლებმა წიგნების შტუდირებაც დაიწყეს. ინსტიტუტში აკადემიური აუღეს (არ ვიცი დაამთავრა თუ არა ინსტიტუტი, დაოჯახდა თუ არა. როგორაა, სადაა, არ ვიცი – ი.მ.). აღარაფერს კითხულობდა, აღარაფერს წერდა, აღარაფერს თარგმნიდა. აღარ კისკისებდა. როცა როგორც იქნა წინადადების გამართვა პირღებინების გარეშე შესძლო, თავის გამართლებას მიჰყვა: “არაფერი დამიშავებია. ფილმი ვნახე ამერიკული. სიყვარულზე. შეყვარებულები იქ ისე ლამაზად ეფერებოდნენ ერთმანეთს, ვერ ვივიწყებდი. არაფერი დამიშავებია. არაფერი დამიშავებია. არაფერი დამიშავებია. არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი . . .”

                                         ***

სამედიცინო ინსტიტუტის მესამე კურსზე სასამართლო მედიცინას გავდიოდით. ერთი ლექცია ქალწულობის თემას: საქალწულე აპკის ფორმებს, დეფლორაციას, პირველი ღამის გავლენას, გაუპატიურებასა და ქალწულობის დადგენის თემას ეხებოდა.  ლექტორმა იმ დღეს ერთი ფრიად “საინტერესო” ამბავი გვიამბო, რომელიც თავად მას  არა იმდენად საქალწულე აპკის ხანდაზმულობის დადგენის რუტინული პროცედურით დაამახსოვრდა, არამედ გათამაშებული სცენის მასშტაბურობითა და გროტესკით. ეს სცენა მეც ასე მახსოვს. იგი ჰოლივუდის ისტორიულ – ბუტაფორული ფილმების პავილიონში გადაღებულს უფრო ჰგავდა, ვიდრე  - “სამეგრელოს ესკიზებს”.

სამეგრელოს ერთ-ერთ პატარა სოფელში,  500 - 800 თუ 1000 კაციანი ქორწილს იხდიდნენ.  პატარძალი 18 წლის იყო. იმ სოფლიდან. სიძე – 22. ამ სოფლიდან. მთელი სოფელი ახლო და შორს მდებარე სოფლებიდან, რაიონული ცენტრებიდან თუ ქალაქებიდან ჩამოსული ადამიანებით გატენილი სატრანსპორტო საშუალებებით ჩაიხერგა. ავტობუსები, სამარშრუტო და უბრალო ტაქსები, მსუბუქი ავტომანქანები და სატვირთო მანქანები. სოფელი ამდენი სტუმრის მისაღებად აშკარად მზად არ იყო. მგონი, არც ამდენი ადამიანი ცხოვრობდა იქ და ამიტომ ზოგს ღამის გათევა ავტომობილისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სალონშიც კი მოუწია. ქეიფის მეორე დღეს ანუ უფრო კონკრეტულად - კვირა დილის 6 საათზე უეცრად, მამლის ყივილის მაგივრად, ჯერ ერთი ქალის და მერე ქალების უკიდურესფალცეტიანი კივილი გაისმა. იგი არ იყო უცაბედად ღვინოში ჩამხრჩვალ - მოტოვტივე უცხო თუ ახლობელი სტუმრის აღმოჩენით გამოწვეული ხმოვანი  სასოწარკვეთა.  “უბრალოდ” სიძემ ცოლის დედამთილს ანუ საკუთარ დედას გულახდილად და პათეტიკურად გაუმხილა: აუ, დავიღუპე, ფატი ქალიშვილი არააო. ქალს მტკიცებულების მოძიებამდე ჯერ არ შეუკივლია (ეტყობა, იფიქრა, პატარაა ჯერ ჩემი ბიჭი, შეიძლება მთლად კარგად ვერ გაერკვაო), ამიტომაც კარი შეგლიჯა და შევარდა ოთახში, სადაც კუთხეში შეშინებული, თმაგაწეწილი, ნახევრდშიშველი და ნამტირალევ - ტუშჩამოდღაბნილი ფატი კუთხეში მიყუჟულიყო და კანკალებდა. “ექსპერტმა” დასტაცა ზეწარს ხელი, დაკვირვებით დააკვირდა და მხოლოდ ამის შემდეგ  მორთო ზემოხსენებული კივილი. რასაც 5-10 წუთის ინტერვალით ბანად სხვა ქალების კივილიც დაერთო. დედამთილი ფატის მივარდა და სწორედ იმ თმებში სწვდა, წინა დღეს გაუთავებლად რომ ხელს უსვამდა და უკოცნიდა “დედა გენაცვალოს” ძახილით. კიოდა ყველა. ფატი, სახლი - ქალი, მისი გულშემატკივრები, ამ გულშემატკივართა გულშემატკივრები. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ გამზავებლები ფატის იატაკზე თმების თრევის, მისი გამელოტების “აქციასა” და მოხრჩობის პროცესში დროზე ჩაერივნენ. ფატი ცოცხალი გადარჩა. მაგრამ აყალ-მაყალი და ხმოვანი სპეცეფექტები ამით არ დასრულებულა. კიოდა, ბღაოდა და ყვიროდა სიძე. კედელს თავს ურახუნებდა. ამ ქოროს მალევე შეემატნენ ქორწილის დანარჩენი პირველ და მეორეხარისოხვანი როლის შემსრულებელნი. ცოტა მოგვიანებით, მაგრამ ასევე აკივლდნენ ფატისიანებიც. ჯერ გაუბედავად, მაგრამ მერე უფრო თამამად და უფრო ხმამაღლა. აკივლდა სხვადასხვა ასაკისა და სქესის ჭირისუფლობა.  ვინც არ კიოდა, ის უბრალოდ ჯერ ძილბურანში იყო ან ჰა - ჰა უკვე აპირებდა აკივლებას. ასლუკუნდნენ და ატირდნენ მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებმაც არ იცოდნენ თუ რა ხდებოდა მათ გარშემო. ძაღლები ყეფდნენ, კატები კნაოდნენ, ხოლო წვრილი და მსხვირქოსანი პირუტყვი ბღაოდა. უკვე ტყიდანაც გაურკვეველი, დაუნაწევრებელი “სიგნალები” ისმოდა. გაეღვიძათ სახლებში მომოფანტულ სტუმრებს, ასევე ავტობუსებსა და უფრო მცირე ზომის სატრანსპორტო საშულებებში ჩაძინებულებს. აკივლდა მთელი სოფელი. ფატი თავისი მეორე და პირველი დღის საქორწინო კაბით სადღაც გადაიყვანეს, სადაც მისიანები დაკითხვას უტარებდნენ. ეს ტერიტორია მთლად ნეიტრალური ვერაფრით იქნებოდა, ამიტომ იქ, სადაც გამომძიებელ-პროკურორებ-მოსამართლეები ისხდნენ და ეკითხებოდნენ ფატის იმის თაობაზე, თუ ვის “მისცა” მანამდე, კარებს ნდობით აღჭურვილი მამაკაცები დარაჯობდნენ. ფატის კი არაფერი ესმოდა, მითუმეტეს ამ “აღებ-მიცემობაში” დიდად ვერ ერკვეოდა. უბრალოდ ისტერიულად კიოდა. ვერ გაეგო ამ ხალხს რა უნდოდა მისგან და ყველაზე მეტად ის  ვერ გაეგო, დედ-მამას მათი ფატი იმსაათს, იმწუთს, იმწამს უკან, სახლში, მის სახლში, სადაც გაიზარდა, რატომ არ მიჰყავდათ? “წამიყვანეთ სახლში!!!” – კიოდა ფატი. წამიყვანეთ, წამიყვანეთ, წამიყვანეთ!!! ბოლოს გამოჩნდა ვიღაც “ჭკუთმყოფელი” (ჩვენი ლექტორის ნათესავი) და განაცხადა: ორშაბათს ფატი პროფესორს (ჩვენი ლექტორი) ვაჩვენოთ და მხოლოდ მას მერე მოვიქცეთ შესაბამისადო ანუ განაჩენი გამოვიტანოთო. ამ კაცს ჭკუა მოეკითხებოდა სიძიან – პატარძლიანებში. დაუჯერეს. მკივანა ქალებმა ხმის იოგები დროებით დაასვენს და დღის პირველ ნახევარში ალაგებული სუფრა - მეორე ნახევარში ისევ დაალაგეს. არავინ ელოდა ფატის საქალწულე აპკის ამგვარ მუხთალ და უსინდისო ღალატს. ამდენი ხალხი ქორწილში მხოლოდ შაბათს კი არა, კვირისთვისაც ხომ ჩავიდა? თანაც ამოდენა პურ - მარილს წვრილ და მსხვილფეხა პირუტყვს ხომ არ დაუყდიდნენ? სუფრას კვლავ მიუსხდნენ. 3-4 ჭიქის მერეც კი არ გაახსენდათ, რომ ეს “ზეიმი” ორთაგან იმ ერთი ადამიანისთვისა”ც” იყო გაშლილი, რომ ეს ადამიანი იქვე, მეზობლად, რომელიღაც დარაბებმიხურული სახლიდან გაუჩერებლად კივის: “წამიყვანეთ სახშლი!!!”. ცალკე გამოყოფილ, ხალიჩადაფენილამაღლებაზე, რომელიც ყვავილებით იყო მორთული, ოთხი ადამიანის მაგივრად, სამი იჯდა. სიძე, მისი მეჯვარე და დედოფლის მეჯვარე.

ორშაბათს, უთენია სიძისიანები და პატარძლისიანები ცალ-ცალკე, თავიან მანქანაში ჩასხდნენ და ნაქეიფარი ხალხით დატვირთულ მრავალმეტრიან ნაირნაირ სატრანსპორტო საშუალებათა  წყებას წინ წარუძღვნენ. ალაგ-ალაგ ღია ფანჯრებიდან სიმღერის ხმაც ისმოდა. პროცესია დედაქალაქისკენ დაიძრა. პრესტიჟული საავადმყოფოსკენ.  საქალწულე აპკის სპეცილისტისკენ. ფატი უნდა შეემოწმებინათ. ჩავიდნენ, ავტობუს-ავტომობილებით ალყა საავადმოყოფოს შენობების კომლექსს შემოარტყეს. მეწინავეები სადღაც შევიდნენ, ცოტა დააგვინდათ, მერე ფატი გადმოსვეს, შენობაში შეიყვანეს, ცოტა ალოდინეს და მერე კაბინეტში შეიყვანეს. იმ საკრალური კაბინეტის კართან მხოლოდ სიძე-დედოფლის მშობლები და დედ - მამიშვლიები ისხნენ. ფატის მეჯვარის იმ “პროფესორულ” კართან მიახლოვება, რატომღაც მაშინვე აღკვეთილ იქნა. მერე ფატი გამოიყვანეს, ნამტირალები იყო, მანქანაში ჩასვეს და გინეკოლოგის ვერდიქტს ნერვიულად დაელოდნენ. კაცმა ერთი კი გაიკვირვა, რატომ იყოო საჭირო  ამოდენა დავიდარაბის ატეხვა, მერე საქმეზე გადავიდა. მშობლებსა და სხვა გულშემატკივრებს აცნობდა, რომ ფატი ახლაც ქალწულია, რომ უბრალოდ ძალიან ელასტიური საქალწულე აპკი აქვს და სისხლიც იმიტომაც არ გამოვიდა და ბოლოს თავისი საუბარი “გრაალის თუ ოქროს საწმისის მაძიებელთა” გვარიანი შეკურთხებით დააასრულა. თქვა, რომ ურიგო არ იქნებოდა თუ იგი სიძე - ბატონს დაელაპააკებოდა. შეჰპირდა უფროსებს, რომ არც მას დააკლებდა შეკურთხებას.ქორომ ექიმს შესაბამისი მადლობა გადაუხადა და ცალყბად 9 თვის თავზე ჯერ არდაბადებული შვილიშვილის ნათლობაზე დაპატიჟა. სიძე გამოდმოიყვანეს, ექსპერტთან შეიყვანეს, სადაც მას, ალბათ, აპკის თავისებურებების შესახებ სამეცნიერო  – პოლულარულ - შემეცნებითი ლექცია ჩაუტარდა; პროფესორის კაბინეტში კედელზე ჩამოკიდებულ “კარდონზე” დატანილი თვალსაჩინოებების გამოყენებით. გარეთ კი, აი, რა ხდებოდა:  დედამთილმა  იმ მანქანას, სადაც ფატი გაშეშებული და მოკუნტული იჯდა, ლამის კარი მოსდღლიზა, ხელახლა აღმოჩენილი შვილი კოცნითა და ფერებით კინაღამ დაახრჩო. როგორც კი სიძე მანქანაში მოთავსდა, მთელმა მხიარულმა კარნავალმა პირი ისევ ჩვენი სამშობლოს დასავლეთისკენ - საზოგადოების ახლადშექმნილი უჯრედის წარმომავლობის სოფლისკენ იბრუნა.

ჩვენი ლექტორის ნაამბობის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ თანაჯგუფელები ამ ამბავს ახლაც ისე ცხადად და ყოველგვარი ირონიის გარეშე  ვიხსენებთ, როგორც ბავშვობაში ნანახ ყველაზე შთამბეჭდავ დოკუმენტურ ფილმს მხატვრული ელემენტებით ან პირიქით, მხატვრულს – დოკუმენტური ელემენტებით. ისიც კარგად მახსოვს ჩვენმა ლექტორმა სამარისებური სიჩუმე რა ფრაზით დაარღვია: “საწყალი ფატი. ეგეც ბევრი ქართველი ქალივით რომ მთელი ცხოვრება ფრიგიდული დარჩებაო. 100 პროცენტიანი ანორგაზმიით. თორემ დეფლორაციით ის ბიჭი კი დეფლორირებდა იმ ღამეს იმ გოგოსო, განა, მარტო საქალწულე აპკსო? რა პრობლემააო. მაგრამ ეს უკვე ფატისა და მისი ოჯახის მიერ ნებადართული, კანონიერი გაუპატიურება იქნებაო”...

                                         ***

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სუბორდინაციის გასავლელად ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფის  ნევროლოგიის განყოფილებაში გამანაწილეს. განყოფილებაში პაციენტთა თითქმის 70 პროცენტი ეპილეფსიის დიაგნოზით იწვა. ჩვენი ხელმძღავნელი ანამნეზის შეკრების დროს დედას (როგორც წესი, ბავშვს დედა ახლდა) ეკითხებოდა -  იყო თუ არა იგი მონატაცები, რამდენად სტრესული იყო პირველი ღამე და  როდის ჩაისახა ბავშვი: პირველი თუ მოგვიანებითი “მცდელობისას”. ვეკითხებოდით, არსებობს თუ არა პირდაპირი კორელაცია პირველ ღამეს გავლილ ფსიქოფიზიკურ ტრამვასა და ქალის ფსიქოლოგიურ ჯანმრთლობასა და ნაყოფის განვითარების პროცესს შორის? ექიმი გვპასუხობდა, რომ პირველი ღამე იმდენად ფაქიზი “მატერიაა”, იმდენად უკავშირდება “ტვინის პოტენციალებს”, რომ არაფერია გამორიცხულიო. ამიტომაც დედის “განატაცობა” ბავშვის ავადმყოფობის ისტორიაში მაინც უნდა დაფიქსირდესო.

33 წლის ქეთას წლინახევრის  პატარა გოგონას ეპილეფსიური სტატუსი ჰქონდა. მეცხრეკლასელი ქეთა 16 წლის ასაკში მოიტაცეს. მოსწავლე იყო. სახლიდან იმისთვის გავიდა, რომ შაქარი ეყიდა. რამდენიმე საათით ადრე კი მისი რძალი სამშობიროში გააქანეს, ამიტომ სახლში არავინ იყო. ქეთა მხოლოდ სახლში დაბუნებისას მოიკითხეს. კარი ღია დახვდათ. მოიძიეს, გაიკითხეს, 3 დღე ვერსად იპოვეს. ბოლოს იპოვეს სადღაც მთაში. არ წამოიყვანეს. დატოვეს. ქეთამ, რაღაც საწამლავის მსგავსი  ფხვნილი ოპოვა, პირში ჩაიყარა, წყალი მიაყოლა და საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილებიდან როგორც იქნა დედ-მამასთან, სახლში აღმოჩნდა. ერთი წელი საწოლიდან არ ამდგარა. მერე ადგა, მონაზვნად აღკვეცა მოინდომა, მაგრამ ვერც ეს შესძლო. მერე სწავლა მოინდომა, მაგრამ ხშირად ავადმყოფობდა და ესეც ვერ შესძლო. მერე გამოჩნდა მისი სკოლისდროინდელი შეყვარებული, ხელი სთხოვა და 23 წლის ქეთა გათხოვდა. გაიხარა ყველამ. უფრო სწორედ, გოგოსიანებმა. ბიჭისიანებს არ გაუხარდათ. ქორწილი გადაიხადეს.  ორი თვის შემდეგ მეუღლემ ქეთას ფულების მოთხოვნა დაუწყო. ქეთამ არ ვმუშაობ, საიდან მექნებაო. მამაშენს გამოართვიო: მონატაცები  რომ წაგიყვანე, აბა, რა გეგონაო? ქეთამ ისევ დალია რაღაც, მუცელიც მოეშალა და ისევ რეანიმაციაში მოხვდა. იქიდან კი - ისევ მშობლების სახლში. ამჯერად ერთი კი არა უკვე ორი წელი საწოლიდან ვერ ადგა. ახლობლები და მეგობრები დატრიალდნენ, რაღაც კურსები დაამთავრებინეს და სამსახურიც უშოვეს. უბრალოდ იმისთვის, რომ კვირაში ერთხელ სახლიდან გასულიყო. ქეთამ ცოტა გაიხარა. სამსახურში შეუყვარდათ. ერთმა თანამშრომელმა კი თავის სამჯერცოლგანაშვებ, წვრილშვილ ბიძაშვილს გაურიგა და ქეთა 31 წლის ასაკში კვლავ გათხოვდა. ვნანობო მითხრა. შვილი მინდოდა და მეგონა რომ ეს მაინც გამხდის ბედნიერსო. პირველ ღამეს ჩემმა ქმარმა ვითომ ხუმრობით ასე მითხრა: ჩაცმული უფრო ლამაზი იყავიო, შენ არც ისე ტანწერწეტა ყოფილხარ და არც ისე გრძელი ფეხები გქონიაო, ჯობდა ჯერ ზღვაზე მენახეო და მერე ხმელეთზეო. და კიდევ “სათადარიგოდ” ერთი ხუმრობა დაამატა: 16 წლის, ალბათ, უკეთესი იქნებოდიო. ქეთამ ჩაყლაპა. მას მერე სექსი სამუდამოდ შემზიზღდაო, მიყვებოდა. ეგ კი არა უსაშველო ტკივილს მგვრისო, თითქოს რაღაც ტანჯვა უნდა გავიაროო . . . გინეკოლგთან წავედიო. ვაგინიზის დიაგნოზი დამისვესო. ცოტა ხანს ფსიქოლოგთანაც დავდიოდი, მაგრამ არაფერმა მიშველაო. როგორც კი სექსის დრო დგებოდა, მაშინვე ჩემი ქმრის სიტყვები მახსენდებოდა ჩემი წვივების სიგრძეზე და ძლიერი სპაზმი მეწყებოდა. ზღვაც კი შემზიზღაო.  მთელი ცხოვრება არ გამიხარია . . . პირველად სრულიად უცნობმა კაცმა, რომელსაც ცოლად ვუნდოდი, ძმაკაჩებთან ერთად მანქანაში წიხლით ჩამაგდო და მერე სამი ღამე მაუპატიურებდაო. მერე გავთხოვდი და დამამადლეს, რომ ცოლად მომიყვანეს და ამაში ფულიც კი მომთხოვესო. მესამედ კი დამაკარგინეს იმაზე ოცნებაც კი, რასაც ქალი საყვარელ მამაკაცთან უნდა განიცდიდესო. ნეტავი ბავშვი იყოს ჯანმრთელი და აღარც გაუბედურებულ ქალობას ვჩივი და აღარც იმას, ვიგძნობ თუ არა რაიმეს, ოდესმე, სადმე, როგორმე. ნეტავი ბიჭი შემძენოდა – ქალის გაჩენაში ღმერთი არ ურევიაო...

                                      ***

39 წლის მანონი ნიუ-იორკში გავიცანი. საქართველოში გინეკოლოგად მუშობდა. მეორე ქმარი, რომელიც აქ გაიცნო, წარმოშობით უნგრელია. ვუთხარი, რომ სტატიას ვწერ “პირველ ღამეზე” და კიდევ ერთ ისტორიას ვეძებ - თქო. სადღა შორს მიდიხარო, მითხრა. ჩემს ისტორიას გიამბობო. ჩემი პირველი ქორწინება მაგ მხრივ ნადვილი კატასტროფა იყოო. თუმცა მას მერე საკმაო დრო გავიდა – ჩემი შვილი 17 -ის ხდება, მაგრამ ახლაც კი შემომრჩა სექსისადმი გაუცნობიერებლი შიშიო. ქმარზე 5 წლით უმცროსი ვიყავი. მე და ჩემს  ქმარს ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ პირველ ღამეს ისეთი იყო, ვერც კი  ვიცანი. არა, ნასვამი არ იყო, არც არაფერი ფსიქოპათური შემინიშნავს მანამდე, მაგრამ ეს ის არ იყო, რასაც მისგან მოველოდიო.  მარტო რომ დავრჩით, ფაქტობრივად, პირდაპირ საქმეზე გადავიდა. საშინელი გაწბილება მქონდა. იმ ღამეს ავად გავხდი, სიცხე ამივარდა, სისხლისდენა ამიტყდა უცებ და წნევა დამივარდა. საავადმყოფოში მოვხვდი. სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ იყო. გინეკოლოგმა შენნაირები არც ისე იშვიათობააო, განსაკუთრებით ორშაბათობითო. შაბათ – კვირა ქორწილისაა. ორშაბათი – ჩახეულ – ჩაფლეთილებისააო. კვირა? დედოფალს როგორადაც არ უნდა უჭირდეს, კვირა დღე უნდა აიტანოსო. კაცს კი გული და ტვინი უნდა ეყოს, რომ ქალი საკუთარ სხეულსა და ახალ რეალობას შეაჩვიოს და თაფლობის თვე გაუპატიურებას არ დაამსგავსოსო.  სისხლდენა და ე.წ. პირველი ღამის ცისტიტი და სხვა პრობლემები, ელემენტარული საკითხების უცოდინრობას უკავშიდებაო. როგორც წესი, ჩვენებური მამაკაცების მუტრუკობას, არადელიკატურობასა და ეგოიზმსო. რბილი ქსოვილების უხეშად დარღვევის შედეგად ატეხილი სისხლდენა თუ საშიში ხდებაო, მხოლოდ მაშინ ვახსენდებითო. იქნება თუ არა ქალი, როგორც მინიმუმ, შემდეგი 10 წლის განმავლობაში, ფრიგიდული ეს, სწორედ, პირველ ღამეს წყდებაო. მე კი მივუგე, რომ, ალბათ, სწორედ ამგვარი მომავალი მემუქრება - თქო და ასეც იყო. თანაც არა მარტო 10 წელი. ისიც კი ვკითხე, აბა, რუს ქალებს რანაირად აგიჟებდნენო ეს ჩვენი კაცები_თქო? გაეცინა. მაგ ზღაპრებს ნაკლებად დაუჯერეთო და ამ თემაზე უფრო მეტს კანისა და ვენერიულ სნეულებათა სპეციალისტი გეტყვითო. მერე დამამშვიდა, ეგ არაფერიო, დეფლორაციისგან არავინ მომკვდარაო. უბრალოდ, თქვენს ქმარს მეტი სინაზე და თანაგრძობა მართებსო. ორმა თვემ განვლო, სანამ ჭრილობა შემიხორცდა და ქმარი პანიკური შიშის გარეშე მივიკარე. მშობიარობამ თითქოს მიშველა, მაგრამ მაინც – არასოდეს განმიცდია ნეტარება. მოვალეობის გამო იყო ყველაფერი. ოჯახი რომ არ დამგრეოდა, შვილს სრულფასოვანი ოჯახი რომ ჰყოლოდა. ერთხელ გავბედე და ჩემს ქმარს გავუმხილე, იქნებ ჩემზეც იზრუნო . . . ხანდახან -თქო . . . მატყუარა ხარო, მომაძახა და ერთი თვე სახლში არ მოსულა. ამერიკაში მეექვსე წელია რაც ვარ. აქ მეორედ გავთხოვდი და კარგად ვარ. სექსუალური კუთხითაც. ჩემს ქმარს მარტო ის კი არ აინტერესებს რა მინდა საწოლში, არამედ ისიც, რით ვცხოვრობდი ადრე, რა მიყვარს და მიტაცებს, რა მიხარია და რა მწყინს ახლა. მიხარია რომ შევხვდი, ბედნიერი ვარ . . . ჩემი შვილი აქ ჩამომაყვანია და ისე მიიღო, როგორც საკუთარი...

                                    ***

საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე აკრძალულ თემათა შორის, რომელზეც საგნობრივ მსჯელობას ვერასოდეს მოისმენთ, გახლავთ “ადამიანი და მისი სექსუალობა”. არა მარტო თოქ – შოუებში, არამედ ზოგადად სერიოზულ მედიაში ამ საკითხს, როგორც პრობლემას არ განიხილავენ და მის გარშემო ღიად და კომპეტენტურად საუბარი, თუნდაც მოზარდთა სექსუალურ განათლებაზე ან ზოგადად, ადამიანის სექსუალობის ევოლუციაზე, ფაქტობრივად, შეუძლებელია. არავინ დაითვლის რამდენი ქალი განიცდის ვაგინიზმს, ანორგაზმიას, რამდენია ფრიგიდული და მითუმეტეს რამდენისთვისაა  “თაფლობის თვე” სრულიად არათაფლური. მამაკაცების იმპოტენციის პრობლემა კი, ალბათ, უფრო მეტად ტაბუირებული ზონაა. 3 და 8 მარტს უკეთეს შემთხვევაში მარტოხელა მრავლშვილიანი დედები ანდა ოჯახური ძალადობის სტატისტიკა გაახსენდებათ. სიღრმისეული ანალიზს, მათ შორის მამაკაცისა და ქალის სექსუალობის დინამიკის შესახებ მედიაში ვერსად წაიკითხავთ – მოისმენთ - ნახავთ და თუ ამ თემას ოდნავ “გაჰკრეს”, იგი სექსუალობის, როგორც ადამიანური ფენომენისა და შესაბამისად ადამიანური პრობლემის წამოწევით კი არა მიმდინარეობს, არამედ სიცილ - ქირქილით, მისი უმნიშვნელოვნების ხაზგასმითა და შესაბამისად დისკრეტიციისთვისაა მოწოდებული. არ არის თემა, არ არის პრობლემა (“ტაბუ, არარსებობა და დუმილი”. მიშელ ფუკო). თანაც არაა გამორიცხული, რომ ამგვარი საუბარი სულაც “მიშა/ანტიმიშას” წამოძახებებით წარიმართოს. ანდა საუბარია აბსოლუტურად დილეტანტურ დონეზე. თავად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მხრიდანაც კი. როგორც ერთხელ ტელევიზიით ერთმა ცნობილმა ქირურგმა მის მიერვე ჩატარებული ოპერაციის - ქალის მამაკაცად ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით ბრძანა: “ახლა ამ ადამიანს აქვს ორგანო, რათა სექსი ნორმალურად, ქრისტიანულად ჰქონდესო”. თუმცა არ დაუკონკრეტებია – რა იგულისხმება ან ქრისტიანულ ან ანტიქრისტიანულ სექსში. რასაკვირველია, ისევ მხოლოდ ქირურგს ჰკითხავენ ქალწულობის აღდგენის ავან_ჩავანსაც. თანაც ამ ქირურგებისთვის და მათი პაციენტებისთვის ერთი, შესაბამისად არასასიხარულო და სასიხარულო ცნობა მაქვს. მსოფლიოში ამგვარ სამედიცინო მომსახურეობას არც ისე დიდი ხანია კონკურენტი გამოუჩნდა. 29,95 დოლარადად ან ნაკლებად ინტერნეტში და არ მარტო იქ შეგიძლიათ შეიძინოთ ხელოვნური საქალწულე აპკი. “ცივილიზაციის პროგრესის” ეს უტყუარი ატრიბუტი ჩინელებმა გამოიგონეს და მას “ჩინურ საქალწულე აპკს” და “ყალბ საქალწულე აპკსაც” უწოდებენ. მას მოხმარების ინსტრუქციაც მოჰყვება. მომხმარებელთა სერვისის გასაუმჯობესებლად ინგლისურის გარდა გვერდი არაბულ, ინდონეზიურ და ჰინდის ენებზეც ითარგმნება. რაღა “ჩინური ფეხსაცმელი” – ჩინეთში ქალის ტერფის ბანდით შეხვევის სადო-მაზოხისტური ტრადიცია და რაღა ხელოვნური საქალწულე აპკის ჩადგმით გამოწვეული ორმხრივი “კომფორტ-ნეტარება”...

პატრიარქალური საზოგადოება, როგორც ქალის კონტროლის მექანიზმი და რელიგია, რომლის ზურგს სექსისტური იდეოლოგიაა ამოფარებული, კიდევ ერთ მძლავრ მექანიზად გადაიქცა, სადაც ქალს კვლავ პასიური როლი ენიჭება, მამაკაცს კი – აქტიური, დომინანტური. საუკუნეების განამავლობაში სხვადასხვა ისტორიულ ფორმაციათა ცვლა, მათ შორის ფროიდისდროინდელის – ვიქტორიანულის, გარკვეულწილად ქალის სექსულურობის მამაკაცის სექსულობაზე მორგების ისტორიადაც შეიძლება განიხილოს. ფუნდამენტლისტურ და პატრიარქალურ კულტურებში სექსი ბინძურ “გართობად”, როგორც წესი, მხოლოდ ქალებისთვის ითვლება, მაგრამ არა - მამაკაცებისთვის. მამაკაცებისთვის იგი ერთგვარი პრივილეგიაა, რადგან ითვლება, რომ მამაკაცია “პერპენტუმ მობილე”, ხოლო ქალი – მისი ანტიპოდი და შესაბამისად ბოლომდე ასეთადაც უნდა დარჩეს. აპათიური, ფრიგიდული, ცივი, მიმღები, შემგუებელი, მომთმენი. მეძავი მეძავად არა მარტო პროსტიტუირების გამო ითვლება, არამედ იმიტომაც, რომ იგი სექსში ფულს იღებს; მაგრამ მამაკაცი, რომელიც ამ მეძავს “მოიხმარს”, რახან ფულს იხდის, მეძავად არ ითვლება. იგი სერვისის მყიდველია, კლიენტია. და სწორედ აქ შეინიშნება სოციალური, გენდერული როლების, ლამის პორნოგრაფიული, გნებავთ კორუფციული იერარქია. სიმონ დე ბოვუარი წერდა, რომ: “ქალის სექსუალური ცხოვრება დამოკიდებულია მის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ამ საკითხის ღრმა შესწავლამ სოციალურ-ეკონომიკური კონტექსტის გათვალისწინების გარეშე შეიძლება რეალობისაგან დაშორებულ დასკვნებამდეც მიგვიყვანოსო”...

წარმოდგენა (შესაბამისად, განწყობის თეორიის მიხედვითაც) სექსზე, როგორც ბინძურ და ქალისთვის “შეუფერებელ” საქმეზე, გოგონას ბავშვობიდან ენერგება, ამიტომაც ძალიან ხშირად სხვა უამრავ ფაქტორთა შორის სექსის დროს მენჯის ფუძისა და ზოგადად კუნთების უნებლიე თუ “დაგეგმილი” სპაზმი (ვაგინიზმი) სწორედ ამ მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული. სპაზმი თავდაცვითი რეაქციაა. ანუ მამაკაცი – თავდამსხმელია, ქალი კი პასიური მომგერიებელი, შემდგომში დამარცხებული და ოჯახის ღირსების შემნახველი. ამიტომაც ეს როლები, მათ შორის სექსუალურიც, პირველსავე ღამესვე უნდა განისაზღვროს. აღზრდა, როგორც წესი, ვაგინიზმის ერთ-ერთ რისკ - ფაქტორად განიხილება. სხვადასხვა კულტურებში სექსისა და ზოგადად მამაკაცის სასქესო ორგანოსი, როგორც  ბინძურის აღქმა არსებობს. ეს ერთგვარი, არა მარტო ქალწულებში ჯერ განუცდელ - განცდილის ტრამვაა, რომლისთვისაც ყველა მდედრობითი სქესის წარმომაგენელი მზად უნდა იყოს. მაგრამ “ამ სიბინძურის” პატრონი ანუ მამაკაცი თავად ბინძური არაა, თუმცა მისი “დამტევი ჭურჭელი” გასვრილად ითვლება; მან მხოლოდ სისხლით უნდა გამოისყიდოს საკუთარი მიმღებლობის უნარი ანუ დანაშაულიცა და ფუნქციაც. ქალის ვაგინალური სისხლი ბინძურ – უწმინდურია. ამიტომაცაა ზოგიერთი კულტურის ყოფა-ცხოვრებაში ქალი “კრიზისული დღეებისას” სახლსა და ეკლიესიაში არ შეიშვება. შესაბამისად წესიერი ქალი, მხოლოდ კანონიერი ქმრით უნდა “დაბინძურდეს” და “რეკომენდირებულია”, რომ ეს ქორწინების/ქორწილის პირველ ღამეს მოხდეს...

                                      ***

აშშ-ში ვაგინიზმის სატელეფნო ანუ ე.წ. ცხელი ხაზი არსებობს. მე გავესაუბრე მის ხელმძღვანელს, მარკ კარტერს (ფლობს ბაკალავრის ხარისხს განათლებაში), რომელიც მჟამად ვაგინიზმზე წიგნს წერს. მისი მეუღლე ლიზა კარტერი, რომელიც ამავე ცხელი ხაზის სამსახურის დამფუძნებელია, პროფესიით სამედიცინო რეაბილიტოლოგია  (ფლობს ბაკალავრის ხარისხს ფსიქოლოგიაში). მარკმა მითხრა, რომ ის და მისი მეუღლე 19 წელიწადია დაქორწინებულები არიან, ბედნიერნი არიან და სამი შვილი ჰყავთ.

- რატომ დაარსეთ ვაგინიზმის ცხელი ხაზი? – ვკითხე მარკ კარტერს.

- 19 წლის წინ, როცა მე და ლიზა დავქორწინდით, ჩვენ ვაგინზმის პრობლემა გვქონდა. (საყურადღებოა, რომ მამაკაცი არ თვლის, რომ გავინიზმი, მხოლოდ მისი ცოლის პრობლემაა და ამიტომაც ყოველთვის ნაცვალსახელს “ჩვენ” ახსენებს – ი.მ) ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ამ პრობლემის მოგვარებაში სხვა წყვილებსაც დავხმარებოდით. ჩვენ მრავალმხრივ დახმარებას ვუწევთ ვაგინიზმით დაავადებულებს და მათ შორის დახმარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსი ჩვენი ვებსაიტიცაა www.vaginismus.com

- მამაკაცები თუ რეკავენ თქვენთან და რატომ?

- რასაკვირველია. ქმრები, ქალების მეგობარი მამაკაცები ძალიან ხშირად რეკავენ და ჩვენგან ინფომაციის მიწოდებასა და დახმარებას მოელიან. ძირითადად გვეკითხებიან, რომ გავურკვიოთ, აქვთ თუ არა მათ ცოლებს, მეგობარ ქალებს ვაგინიზმი, იკურნება თუ არა იგი, რა სახის მკურნალობა უნდა დაენიშნოთ და ა.შ. ვაგინიზმი ნებისმიერი ასაკის ქალს შეიძლება დაემართოს, რელიგიურობისა თუ განათლების დონის მიუხედავად. სხვათა შორის ბევრი წყვილი ვაგინიზმს მაშინ აღმოაჩენს,  როცა ურთიერთობის დასრულებას ცდილობს. ჩვენ არ გვჯერა რომ ასეთ შემთხვევაში მამაკაცის ქცევა განსაზღვრავს ვაგინიზმს. უბრალოდ ურთიერთობა სრულდება ანუ მას ასე ვთქვათ პრეეგზისტენციალური მდგომარეობა აქვს. თუმცა შეიძლება ისიც დავუშვათ, რომ მამაკაცის ქცევა შეიძლება მოძალადეობრივს დაემსგავსოს, როცა ურიერთობა სრულდება.|

- რა ფაქტორებია წამყვანი ვაგინიზმის წარმოქმნისას?

- ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური ხასიათის ფაქტორიების დასახელება შეიძლება იმის ასახსნელად, თუ რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს სექსი. ეს შეიძლება იყოს მარცხის განცდა, შიში, არაადეკვატურობა, პრობლემები ურთიერთობაში და ა.შ. ვაგინიზმს ბევრი ტრიგერი აქვს.

- როგორია ზოგადად სტატისტიკა?

- ითვლება, რომ ყოველ 1000 ქალში ვაგინიზმი 2–ს აქვს და მე ამ სტატისტიკას ვემხრობი. ბუნებრივია, ვაგნიზმში მხოლოდ სექსუალური ურთიერთობის შიში არ იგულისხმება. ქვეყნებისა და სხვადასხვა ავტორების მიხედვით ზემოთმოყვანილი სტატისტიკა საკმაოდ ვარიაბელურია. ბრიტანეთში 15 -დან 64 - წლის ასაკის ქალების 0,17 პროცენტს ვაგინიზმი აქვს; არიან ექიმები, რომლებიც ამ პაციენტ - ქალთა 7, 20 და 40 პროცენტსაც კი ასახელებენ. ერთი ირლანდიელი ექიმი იმასაც ირწმუნება, რომ ირლანდიაში 1000 წყვილიდან 5-ს ვაგინიზმი აწუხებს. ამერიკაში ვაგინიზმით დაავადებულთაგან 47 პროცენტი მარტო ცხოვრობს ან მეგობარი ჰყავს, ხოლო 53 პროცენტი ქორწინებაში მყოფი წყვილია.

- გაქვთ თუ არა სტატისტიკური მონაცემები აშშ-ში ქირურგიული წესით საქალწულე აპკის აღმდგენთა შესახებ?

- არა. თუმცა ეს უფრო ისილამური ერებისთვისაა დამახასიათებალი და როგორც ვხვდები, ქალს გათხოვებისთვის სჭირდება.

- რა სახის მკურნალობა ინიშნება ვაგინიზმის დროს?

- მკურნალობა მოიცავს ნაბიჯ-ნაბიჯ მენჯის ფუძის “გაწვრთნას”, რათა შეწყდეს სპაზმები, რომელიც სექსუალური ურთიერთობის დროს იწყება. ოჯახური თერაპია არასოდეს გამოირიცხება, მაგრამ ამ შემთხვევაში იგი მკურნალობის წამყვან საშუალებას არ წარმოადგენს.
 
 
გსურთ კომენტირება ან აზრის გამოთქმა? მოიფიქრეთ ვიდეო–პრეზენტაცია და დაუკავშირდით რომელიმე მასპინძელს ან ადმინისტრატორს.
ვიდეო და დაწერილი აზრების გვერდებზე არსებული TOP-ვიდეოებისა და TOP-სტატიების ჩამონათვალი აჩვენებს მიმდინარე წელს გამოქვეყნებულ 10 ყველაზე ბევრჯერ დათვალიერებულ დაწერილ თუ ვიდეო აზრს.

ყოველ წელს „azrebi.ge“-ს აქვს ახალი რეიტინგული სია. საიტის სტუმრებს აქვთ საშუალება დაათვალიერონ წინა წლების რეიტინგები.


2011 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული დაწერილი აზრების რეიტინგები იხილეთ ბმულზე:>>

2011 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ვიდეო აზრების რეიტინგები იხილეთ ბმულზე:>>

2009-2010 წლებში გამოქვეყნებული დაწერილი აზრების რეიტინგები იხილეთ ბმულზე:>>

2009-2010 წლებში გამოქვეყნებული ვიდეო აზრების რეიტინგები იხილეთ ბმულზე:>>