„უძველესი ევროპელები“ და უმცირესობათა უფლებები
29.01.2010
ავტორი გიორგი მაისურაძე
მასპინძელი

ნინია კაკაბაძე

 მიმდინარე წლის 27 იანვარს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის სამუშაო დღისწესრიგში შეტანილი რეზოლუციის პროექტი – „სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციისა და სქესის იდენტიფიკაციის“ შესახებ, რომელიც სექსუალურ უმცირესობათა თანასწორუფლებიანობის აღიარებას გულისხმობს, საქართველოსათვის ერის გამაერთიანებელი ფაქტორი აღმოჩნდა: მან ჯერ ქვეყნის რელიგიური უმრავლესობა - მართლმადიდებელი ეკლესია და მის მიერ მწვალებლებად წარმოსახული საქართველოში მოქმედი „ტრადიციულ რელიგიათა“ ინსტიტუციების წარმომადგენლები, ანუ რელიგიური უმცირესობები, ერთ მუშტად შეკრა და „არატრადიციული“ სექსის საფრთხემ მათ დროებით არატრადიციული რელიგიებიც კი გადაავიწყა. ღვთის მსახურთა განგაშს, როგორც მოსალოდნელი იყო, მალე ქართველი პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ, რომლებსაც მორიგი მიეცათ შანსი ერთმანეთისთვისაც და ამომრჩევლისთვისაც კიდევ ერთხელ დაემტკიცებინათ საკუთარი მორალური და გონებრივი უმანკოება. უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებმა თითქმის ერთხმად განაცხადეს, რომ საქართველო ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს! ასეთ საქმეში ეკლესიასთან ყველაზე დაახლოებულ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელ ქრისტიანულ-დემოკრატიულ მოძრაობას, რომელსაც ქრისტიანული დემოკრატია, როგორც ჩანს, თეოკრატიის „დემოკრატიული“ ვარიანტი ჰგონია, თეოლოგიური წიაღსვლებით უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი გამოეშაირა: „ჩვენ არ გვსურს, რომ საქართველოს იმის რეკომენდაცია გაუწიონ, რომ მამათმავლობა წახალისდეს, ისევე, როგორც ეს არ სურს ძალიან ბევრ ევროპულ ქრისტიანულ ქვეყანას“. ამის შემდეგ ხშირად რატომღაც „ლიბერალებად“ შერაცხული „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატთა ფრაქციის მეთაური კიდევ უფრო ჩაუღრმავდა პოლიტიკის რელიგიურ საფუძვლებს, როდესაც დაასკვნა, რომ, „ეს ქრისტიანულ პრინციპებზე არ არის დამყარებული და დემოკრატიასთან არანაირი საერთო არ აქვს“! ამ დებულების თანახმად, დემოკრატია ქრისტიანულ პრინციპებზე ყოფილა დამყარებული და, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დემოკრატიაც კაბადოკიელი წმინდა მამების ერთ-ერთი საეკლესიო მოძღვრებათაგანია და საქართველოს, როგორც უძველეს ქრისტიანულ ქვეყანას, იგი მწვალებელი ევროპელებისგან არ ესწავლება.

უფრო რთული ლოგიკური ფორმულებით გამოვიდა უმრავლესობის სხვა ლიდერი გოკა გაბაშვილი: „უმცირესობების უფლებები უნდა იყოს დაცული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობის ტრადიციები, წარმოდგენები იყოს აბსოლუტურად უგულებელყოფილი. არც ერთი ჯგუფის ინტერესების თავსმოხვევა ერთმანეთზე სწორი არ არის, რასაც ითვალისწინებს ეს ინიციატივა“. აქ უკვე საქმე გვაქვს საზოგადოებრივ ან, უფრო მართებული იქნებოდა, თემურ კონფლიქტთან, რომელიც თავისი შინაარსით სასკოლო თემას – „თემისა და ინდივიდის დაპირისპირება ვაჟა-ფშაველას თხზულებებში“ წააგავს. ამიტომაც ასეთ არგუმენტს ეპიგრაფად „მამით არ მოდის ანდერძი, პაპით და პაპის-პაპითა“ მოუხდებოდა. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში კონფლიქტის ლოგიკური საფუძველი არანაკლებ დრამატულია, ვიდრე „ალუდა ქეთელაურში“: ერთი მხრივ, „უმცირესობათა უფლებები“, რომლებიც „მამა-პაპათა ანდერძით“ არაა გათვალისწინებული, მაგრამ მათ აღიარებას ევროკავშირი მოითხოვს; მეორე მხრივ კი „უმრავლესობის ტრადიციები“, რომლებიც ასეთი უფლებების აღიარებას, ანუ „არატრადიციულ“ უმცირესობასთან მოპყრობის სხვა ფორმებს ასწავლის. თუ საპარლამენტო და სექსუალური უმრავლესობის წარმომადგენელი მხარს დაუჭერს უმცირესობის თანასწორუფლებიანობას, ამით მისი „ტრადიციები“ შეილახება, ანუ უმრავლესობა იძულებული გახდება უმცირესობა გაითანაბროს, მასაც მისცეს იმისი უფლება, რასაც ტრადიცია მისთვის არ ითვალისწინებდა. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში არსებული ტრადიცია უმრავლესობის მიერ უმცირესობის დისკრიმინაციას გულისხმობს და ეს არა მხოლოდ სექსუალური ნიშნით, გასაგები უნდა გახდეს ასეთი ლოგიკის არსიც: უმცირესობისათვის არათანაბარი უფლებების მინიჭება, რასაც დისკრიმინაცია ეწოდება, უმრავლესობის ტრადიციით გამყარებული უფლებაა და თუ მას ამის უფლებას წაართმევ, იგი დაიჩაგრება „საკუთარ სახლში“!

თუმცა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელ ქრისტიან-დემოკრატ ზაზა გაბუნიასთვის კი, როგორც ჩანს, ტერმინი „დისკრიმინაცია“ მის მიერ ჯერ ისევ აუთვისებელ უცხო სიტყვათა რიცხვს მიეკუთვნება: „ჩვენ ვეწინააღმდგეებით ჰომოსექსუალიზმის ლეგალიზებას და, რაც მთავარია, პროპაგანდას მათ მიერ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ თუ ასეთები ჩვენს საზოგადოებაში არსებობენ, მოვკვეთოთ ისინი ან დავამციროთ და დისკრიმინაციულ ვითარებაში ჩავაყენოთ. არა, მაგრამ მათ არ უნდა ჰქონდეთ ამავე პრინციპების ქადაგების შესაძლებლობა“. „ლეგალიზაცია“ სხვა არაფერია, თუ არა რამის კანონიერად ცნობა, დაკანონება და შესაბამისი კანონებით მისი დაცვა. თუ ჰომოსექსუალობა ლეგალურია, ეს იმას გულისხმობს, რომ იგი კანონის მიერაა დაცული და ამ კანონის დარღვევა კანონითვე ისჯება. თუ იგი არალეგალურია, მაშინ მას ვერ დაიცავს კანონი და, შესაბამისად, მისი დისკრიმინაციაა ნებადართული. კანონი კი ყოველგვარ ტრადიციაზე თუ რელიგიურ წარმოდგენებზე მაღლა თუ არ დგას, მაშინ იმ სახელმწიფოს დემოკრატიულობასა და სამართლებრიობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

ხშირად უმცირესობათა თემას საზოგადოებაში სამართალცნობიერების განვითარებულობისა და მასში დემოკრატიულობის ხარისხის განმსაზღვრელ „ლაკმუსის ქაღალდად“ მიიჩნევენ. ევროპული თუ ამერიკული დემოკრატია სხვადასხვა ნიშნით უმცირესობების თანასწორუფლებიანობას გულისხმობს და ეს პრინციპია „დასავლურობის“ ქვაკუთხედი. რაც შეეხება ევროკავშირს, ყველაზე გამორჩეულად მემარჯვენე, კონსერვატორი პოლიტიკოსები ეწინააღმდეგებიან საეჭვო დემოკრატიული ქვეყნების ევროპაში გაწევრიანებას და ხშირად შეშფოთებასაც კი გამოთქვამენ იმის გამო, რომ სამართლებრივად განუვითარებელი „სუსტი დემოკრატიების“ ქვეყნების შემოსვლამ საფრთხეც კი შეიძლება შეუქმნას ევროპის დემოკრატიულ ღირებულებებს. აღშფოთებული ქართველი პოლიტიკოსები კი, რომლებიც მათთვის ევროკავშირის საპარლამენტო ანსამბლეისგან უმცირესობათა დისკრიმინაციის წმინდათა წმინდა ტრადიციული უფლების ჩამორთმევის მცდელობას აპროტესტებენ, სწორედ ევროპის სწრაფი ტემპებით გაფართოების მოწინააღმდეგეთა არგუმენტს განასახიერებენ – ასეთი ქვეყნების შემოშვება ევროპაში ევროპულივე დემოკრატიის არასტაბილურობის ფაქტორი შეიძლება გახდეს.

P.S. როდესაც საქართველოს პოლიტიკოსთა უმრავლესობა ევროპაზე საუბრობს, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი რომელიღაც მათ მიერვე შეთხზულ სამყაროზე საუბრობენ, რომელსაც არაფერი საერთო იმის შინაარსთან არა აქვს, რასაც თანამედროვე ევროპა განასახიერებს. ქართველ პოლიტიკოსთა ევროპული ფანტაზიის გაგებაში შეიძლება თავად საქართველოს ევროპულობის არგუმენტი დაგვეხმაროს, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის საფუძვლისმდებელ განცხადებას ემყარება: „ჩვენ უძველესი ევროპელები ვართ!“ ამისი ერთ-ერთი არქეოლოგიური საბუთი დმანისის მიდამოებში აღმოჩენილი „ჰომო ერეკტუსები“ „მზია და ზეზვაა“. ზოგიერთი პალეოანთროპოლოგიური თეორიის თანახმად, სწორედ „ჰომო ერეკტუსი“ იყო ევროპის უძველესი მობინადრის – ნეანდერთალელის უშუალო წინაპარი. ევოლუციამ, საბოლოო ჯამში, ძალადობის მოყვარული და გონებრივად ნაკლებადგანვითარებული ნეანდერთალელი გადაშენებამდე მიიყვანა და მისი ადგილი თანამედროვე – „ჰომო საპიენსმა“, ანუ „მოაზროვნე ადამიანმა“ დაიკავა. თუ საქართველოს ევროპულობის მთავარი და, ფაქტიურად, ერთადერთი არგუმენტი მისი „უძველესობაა“, რაც ნეანდერთალელთა უშუალო წინაპრობას გულისხმობს, საჭიროა საქართველომ შექმნას „უძველეს ევროპელთა კავშირი“, რომელიც დაიცავს და გაუფრთხილდება ევროპის უძველესი მოსახლეობის - ნეანდერთალელების ტრადიციებს და არ მისცემს გვიანჩამოსახლებულ ჰომო საპიენსებს უმრავლესობის მიერ უმცირესობის დისკრიმინაციის წმინდა უფლების შელახვას.       



უკან  |  ნანახია 1442-ჯერ   |   შეფასება   |
ბეჭდვა
 ბეჭდვა


გსურთ კომენტირება ან აზრის გამოთქმა? დაწერეთ სტატია და დაუკავშირდით რომელიმე მასპინძელს ან ადმინისტრატორს.