სამწუხაროდ ვერ მივაგენი საქართველოს პრეზიდენტის იმ გამოსვლას, სადაც ის ამბობს, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის ვისაც სომეხი სძულს, მისთვის სომეხი იქნება, ვისაც ებრაელი სძულს, მისთვის ებრაელი იქნება, ვისაც აზრბაიჯანელი სძულს, მისთვის აზრბაიჯანელი და ა.შ. ეს სიტყვები მიხეილ სააკაშვილმა პირველად, პრეზიდენტობის საწყის პერიოდში წარმოთქვა და საბედნიეროდ მას შემდეგ არა ერთხელ გაუმეორებია. ეს ის სიტყვებია, რომელიც საწყის ეტაპზე დაშვებული შეცდომების მიუხედავადაც მაძლევდა იმის საშუალებას, რომ ჩემი ქვეყნით და ჩემი ქვეყნის პრეზიდენტით მეამაყა. სულ ახლახანს, როდესაც შეცდომების რიცხვი შთამბეჭდავად გაზრდილია, ისევ გამიხარდა და ვიამაყე, რომ მიხეილ სააკაშვილმა არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა გაბედა და საქართველოში მცხოვრებ კათოლიკებს შობის დღესასწაული 25 დეკემბერს მათსავე ტაძარში მისვლით მიულოცა. თითქოს არაფერია აქ განსაკუთრებული, მაგრამ ქართულ საზოგადოებაში, რომელიც საკუთარი ტოლერანტობით იწონებს თავს და სინამდვილეში უაღრესად ქსენოფობურია - ასეთი გამოსვლები ნამდვილად მნიშვნელოვანია. ეს კარგი მაგალითია მათთვის, ვინც ეთნიკური უმცირესობების მიმართ თითქოს სულგრძელია, მაგრამ სომეხი უმეტესად მეწაღედ სურს იხილოს, ქურთი მეეზოვედ, ებრაელი კი ოქროს ბირჟაზე მოვაჭრედ.
რამდენიმე ხნის წინ, რადიო გადაცემაში ერთ-ერთმა ჩემმა რესპოდენტმა მკითხა, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ლიბერალური ღირებულებების პოპულარიზაცია მოხდეს? სააკაშვილის ეს რამდენიმე გამოსვლა, ნამდვილად იყოს იმის საწინდარი, რომ “ტოლერანტი” ქართველი დაფიქრებულიყო - საქართველოში ნებისმიერი ეთნოსის წარმომადგენელი ქართველის თანასწორია. მაგრამ საწმუხაროდ ეს მხოლოდ რიტორიკის და ისიც მცირეოდენი რიტორიკის დონეზე დარჩა. კიდევ იყო რამდენიმე საჩვენებელი ნაბიჯი, საქართველოს ხელისუფლებაში, პარლამენტში - თითოეული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლის შეყვანის...
ეს მცირეოდენია, დაახლოებით 3-4 პროცენტი, დანარჩენი რიტორიკა ქართველების უძლეველობას, მხედრულ სულს, უნიკალურობას, დაუმარცხებლობას, შეუპოვრობას, გენიალურობას ეძღვენება. მიუხედავად ამისა პრეზიდენტს და მთლიანად მმართველ გუნდს ოპონენტები მუდმივად სდებენ ბრალს “სულით არაქართველობაში”, არატრადიცულობაში, “ქართველობის” მიმართ ზერელე დამოკიდებულებაში და ა.შ. კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფების მხრიდან ამ შინაარსის ბრალდებები ჩემთვის სრულიად გაუგებარია. “მართლმადიდებლობას ებრძვიან” - ასეთ სასათბურე პირობებში, პატივის მიგებითა თუ ფინანსური მხარდაჭერით - საკუთარი არსებობის პერიოდში - მართლმადიდებელი ეკლესია არასდროს ყოფილა. ბათუმში, ძველ სადგურთან არსებული კათოლიკურ ეკლესიასთან ჩავლისას არ შეიძლება არ შეგვრცხვეთ, რომ ახლა ამ გოთიკური სტილის, ტიპიურ კათოლიკურ ტაძარში ახლა მართლმადიდებლები “ლოცულობენ”. აღარ მოვყვები თბილისში სომხური ეკლესიების ისტორიას, რომელთა დაბრუნებას გრიგორიანელებისათვის არც ქართული ეკლესია გეგმავს და არც ხელისუფლება უწყობს ამას ხელს. ვერაფერს ვიტყვით სექსუალური უმცირესობების უფლებათა დაცვის რიტორიკაზე, რომელიც უბრალოდ არ არსებობს. აქ გვეტყვიან, კანონი არის ლიბერალურიო, მაგრამ საქართველოში კანონი რომ საკუთარ ფუნქციას არ ასრულებს და, მითუმეტეს, უმცირესობას არ იცავს ჰომოფობიისგან, დევნისგან, შეურაცხმყოფისგან - ეს ყველამ იცის. ჰო, კიდევ ქალიშვილობის ინსტიტუტს ებრძვიანო, ამბობს არასამთავრობო ორგაზაცია “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი”. დიახ, ჩვენც ასე ვიფიქრეთ და გავიხარეთ, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა “პატრიოტთა ბანაკის” პირველ ნაკადს ბუჩქებისკენ გზა დაულოცა, მაგრამ შემდეგ ისიც შევიტყვეთ, რომ თითო ბუჩქთან თითო დაცვის წევრი მორიგეობს და ეს ინსტიტუტიც დარჩა ხელშეუხებელი თანამედროვე საქართველოს. ნაცვლად ბუჩქებისა, ბანაკებში მმკ-ს რომ მოეწონება ისეთ “პატრიოტებს” ზრდიან, შეძახილს ასწავლიან, ახსენებენ სამშობლოსთვის დაღვრილს სისხლს და იმას, რომ მათთვის საკუთარი სისხლიც უნდა გაიღონ!
პატრიოტთა ბანაკი ერთგვარი მოსამზადებელი კურსივით არის, რომელიც უკვე, დაახლოებით 100 ათასმა ახალგაზრდამ გაიარა, შემდეგი ეტაპი უკვე სავალდებული რეზერვისტთა “ბანაკი” იყო. ამ ბანაკებს, რომელიც პრეზიდენტის პირადი ინიციატივაა, თან სდევდა მედიის პროპაგანდისტული, ისტერიული კამპანია; ყოველდღიური სიუჟეტები საინფორმაციო გამოშვებებში უძლეველი ქართული არმიის შესახებ, მუსიკალური კლიპები, სადაც ხან ფსოუს წყალს ვსვამდით, ხან კი “სვეტსკად” სოხუმში მივემგზავრებოდით დასასვენებლად; სხვადასხვა გადაცემები, მათ შორის “პროფესია ჯარისკაცი” ადოლფ ჰიტლერის ციტატებით და ა.შ. საბედნიეროდ, აგვისტოს ომის შემდეგ თითქოს ეს სამხედრო-პატრიოტული პროპაგანდა შენელდა, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ, ბათუმში პედაგოგებთან შეხვედრაზე, მიხეილ სააკაშვილმა შეგვატყობინა, რომ საშუალო სკოლებში მისი ინიციატივით ახალი საგანი დაემატება “სამხედრო პატრიოტული” აღზრდა, რის შედეგადაც საქართველოს და ყველა ქართველს შეეძლება თავისი სოფლის და თავისი უბნის დაცვა, ყველას გაუღვივდება “მხედრული სულისკვეთება”, ყველა ჩვენთაგანი ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცი უნდა იყოს და ა.შ. და ა.შ.
ამგვარი ინიციატივების და განხორციელებული სამხედრო-პატრიოტული პროექტების პირობებშიც, ჯერ ისევ არსებობს მოსაზრება, მე ვიტყოდი, მითი იმის თაობაზე, რომ დღევანდელ მმართველ გუნდს ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა სურს. მედია, განათლების სისტემა - საქართველოში ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებების დანერგვის საუკეთესო საშუალებაა, რომელსაც ქვეყნის მმართველი გუნდი უმეტესწილად “მხედრული სულის ასამაღლებლად”, ურაპატრიოტული პროპაგანდისთვის იყენებს. ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში არსებულ გადაცემას “საკანი #5”, სადაც ხშირად ქსენოფობური, ჰომოფობური ვნებები იღვრებოდა, ხელისუფლება “რეალ ტვ”-ს უპირისპირებს, იმისათვის რომ თავის ელექტორატს დაუმტკიცოს - “ჩვენც ბნელები ვართ! ლიბერალები არ გეგონოთ!” და სამწუხაროდ, ეს მართლაც ასეა!
ბუნებრივია, სიტყვა ლიბერალიზმის გაგებაც საქართველოში საკმაოდ ზედაპირულია, მაგრამ ისიც საკმარისია, რომ, მაგალითად, “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი” ამ სიტყვას თანასწორობასთან, თავისუფალ არჩევანთან აიგივებს და ამიტომაც აშინებს ის ყველაზე მეტად. აშინებს იმ ადამიანებსაც, რომელიმე საეკლესიო დღესასწაულის დღეს ინტერვიუს რომ ჩამოართმევენ და სახელისა და გვარის ქვემოთ რომ იწერება - მრევლი. ამ “მრევლის” რიცხვი სულ უფრო და უფრო მზარდია. მათაც აშინებთ, ვინც დღე და ღამ მესიჯებს გზავნის “კავკასიისა” თუ “მაესტროს” ეთერში “ქართველობას გვართმევენ...” ყველა მათგანს, რომელნიც დღეს საქართველოს მოსახლეობაში აშკარა უმეტესობაში იმყოფებიან, ჰგონია, რომ ნებისმიერი არაქართველი, არამართლმადიდებელი თუ არაჰეტეროსექსუალი აქ მის გასანადგურებლად არის მოსული. რას უპირისპირებს ამას საქართველოს ე.წ. პროდასავლური, ლიბერალური ღირებულებების მიმდევარი ხელისუფლება? კიდევ უფრო მეტ სიბნელეს - “რეალ ტვ-ის”, (მაგალითისათვის სოზარ სუბარზე დამზადებული სიუჟეტი) “რუსთავი 2”-ს (მაგალითისათვის თოქ-შოუ “პროფილი”), “პირველი არხის”, “იმედის”, “საქართველოს”ისტერიულ, აქტიურ სამხედრო-პატრიოტულ პროპაგანდის საშუალებით. მოსაზრება, თითქოს ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსული ხელისუფლების ვექტორი დასავლეთისკენ არის მიმართული და მას ლიბერალური-დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა სურს, კიდევ ერთ მორიგ ქართულ მითად იქცევა. დღევანდელი დღე ყველაზე სუმბურულია, დღეს არავინ იცის და არავის აქვს პასუხი - როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ?! როგორ ღირებულებით სისტემას ვქმნით დღეს, ხვალისთვის?! ვფიქრობ რომ ზღვარი, ან კი სხვაობა, რომელიც სხვადასხვა ჯგუფებს შორის არსებობდა (მაგალითად: ხელისუფლება, ოპოზიცია, ეკლესია) დღევანდელ დღეს მოიშალა, გაქრა!
P.S. მე კი მინდა, რომ ნებისმიერი ხელისუფალის (რომელიც ამ ქვეყანას ყავს თუ ეყოლება) სულგრძელი სიტყვები, სიტყვებად არ დარჩეს და ტოლერანტობა მისი და ქართული საზოგადოების ორგანული თვისება იყოს. და თუკი რიტორიკულად ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს ვეხმიანებით, დადგა დრო სექსუალურ უმცირესობებსაც ვუთხრათ: “ვისაც სძულს ან ეშინია ჰომოსექსუალების, მისთვის (იხილეთ სტატიის სათაური)!“