თინიბექაის ციხის ამბავი
17.12.2009
მასპინძელი

რატი ამაღლობელი

გუდაურისკენ  მიმავალ ე.წ.  სამხედრო გზაზე ორი სოფელია: ზემო და ქვემო მლეთა. გუდაურისკენ - ჩემთვის, თორემ ეს გზა სტეფანეწმინდას გავლით რუსეთ-საქართველოს საზღვრამდე, ლარსამდეც ჩადის. მოკლედ რამდენჯერაც არ გავივლი ზემო და ქვემო მლეთას, ერთი ხალხური ლექსი მახსენდება და დიდი ხნით მეკვიატება. აი ეს ლექსი:
 
“ზენ ბაცალიგოს თოვლსა თოვს,
ქვენ ბაცალიგოს შრებისა,
თინიბექაურთ ციხესა
კუთხე მარჯვენა სკდებისა,
ზედა ზის შავი ყორანი,
ლიბოში გველი ძვრებისა,
შიგა სწევს თინიბექაი,
გულსუწადუნოდ კვდებისა,
გვერდს უზის ცოლი ლამაზი,
სანთელივითა დნებისა.”
 
იქნებ ეს ჩემი ღარიბი სიმბოლური ცხოვრების ბრალია, რომ მხოლოდ შესაფერის გარემოში მოხვედრაა საჭირო - რათა მსგავსი ლექსი და ამ ლექსის განწყობა მეხსიერებიდან ცნობიერებაში ამოვიდეს. ხშირად მინახავს გაზაფხულობით, როდესაც თითქმის უკაცრიელ ზემო მლეთში “თოვლსა თოვს”, ხოლო ქვემოში  - “შრებისა”. ან პირიქით, ამ ერთმანეთისგან სამოციოდე ნაბიჯით დაშორებულ სოფლებში ზევით დარი იყოს, ქვევით კი ავდარი. ეს ბუნებრივი კონტრასტი და მისი პირობითობა უმალ ხსენებულ ლექსში, მის მოჯადოებულ სივრცეში და დროში მაგზავნის. ეს მითოსის დროა, ზღაპრის დრო, ის მუდამ არის, როგორც უნივერსალური დრო. მთავარია მიაკვლიო, დაინახო, შეიგრძნო და შენს წინაშე თინიბექაის ციხე გამოჩნდება. საზარელი და ახლობელი. რაღაც უფრო მნიშვნელოვანი, ნაცნობი და რეალისტური, ვიდრე ცხადში ნანახი, გამოცდილებაში მყოფი, ხელით მოსინჯული, ყოველდღიური, თუნდაც მატერიალური რამ.

ამ ციხეს სწორედ ყოველდღიურობისა და ყოფის ბინდი ფარავს. საკმარისია გაიფანტოს ეს მუდმივი საზრუნავის ნისლი, გალაკტიონის ენაზე რომ ვთქვათ, თუ: “კოშკებს სიზმარეთისას ნისლი გადაეცალა და იქ მიექანება სული განწირულებით,” მაშინ გამოჩნდება თინიბექაის ციხე, კუთხე-მარჯვენა-გამსკდარი, რომელზეც შავი ყორანი ზის და რომლის საძირკველშიც გველი ძვრება, სადც შეიძლება დავინახოთ სხვა მრავალი ლექსის ლანდშაფტი, თუნაც ისევ გალაკტიონის დანახული, აქ: “კოშკთა სიმაღლიდან რეკავს მოლანდება.” გულის შემძვრელი სურათია. არ გადავჭარბებ თუ ვიტყვი რომ აპოკალიფტური, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ის ხომ ბერძნულად გამოცხადებას ნიშნავს და ეს გამოცხადებაც ჩვენ გვეკუთვნის.

შეუძლებელია ამ ციხის ნახვისას, რომელიც უკვე სულ სხვაგან მოჩანს, არა საქართველოს სამხედრო გზაზე, მლეთაში, ან თუნდაც თავად ბაცალიგოში, არამედ შიგნით, ჩვენში, არ გაჩნდეს სურვილი ციხეში შესვლისა, მის კედლებში მოხვედრისა. რა იწვევს მსგავს სიახლოვეს და იდენტობას ხსენბულ ციხესთან, ხსენებულ ნაგებობასთან?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ისევ ახალი კითხვით, ან კითხვებით შეიძლება იქნებ? მივცემ თავს უფლებას და დავსვამ ამ კითხვებს. იქნებ თინიბექაის ციხე ადამიანის არქეტიპული სურათხატია? ზღაპარი, მითი, ხალხური ლექსი იქნებ მრავალთა გამოცდილებაა და არა ერთი კონკრეტული ინდივიდის? ხალხური ლექსი დინამიური მეხსიერება ხომ არ არის, რაღაც უფრო ფართო და დიდი მეხსიერება, ვიდრე ცალკე აღებული ყოველი ჩვენთაგანის, რომელიც ამავე დროს თითოეულ ჩვენთაგანს გულისხმობს? იქნებ ჩვენ კი არ გვახსოვს იგი, მას ვახსოვართ ჩვენ? მის ხსოვნაში ხომ არ ვიმყოფებით, მის აპაკალიფტურ, გამოცხადებით ხსოვნაში? ხანდახან გამიელვებს აზრი, მე ხომ არ ვარ თინიბექაი?

ჩემი სხეული ხომ არ არის ეს კოშკი, სადაც ცხოვრობს “მე”, ჩემზე ბევრად უფროსი “მე” სახელად თინიბექაი. სნეული და ჩემგანვე მიტოვებული თინიბექაი. რომელსაც ჯერ კიდევ არ ტოვებს მშვენიერება, სიცოცხლე, თავისივე ათასწლოვანი სუნთქვა, მისივე სამშვინველი-პენელოპა, რომელიც “გვერდს უზის” და “სანთელივითა დნებისა”.

სანთელი, ქალწულები და აპოკალიფსი სახარებისეულ იგავებში ასე გვხვდება: - “მაშინ ემსგავსოს სასუფეველი ცათაი ათთა ქლწულთა, რომელთა აღიხუნეს ლამპარნი თვისნი…” სანთელი და ლამპარი, როგორც წესი ცნობიერების სინათლეზე მიგვანიშნებენ, ხოლო სანთლის დნობა და შუქის კლება ცნობიერების ინტენსიობის კლების საფრთხეზე.

ვინ არის თინიბექაი? სავარაუდოა რომ  მებრძოლი, რაინდი, გმირი. რითი კვდება ის, რა არის მიზეზი მისი კვდომისა?

იქნებ ბრძოლაში დაიჭრა, მტერთან, ან დევებთან, გველეშაპთან და დემონებთან ბრძოლაში? ან იქნებ ღალატის მსხვერპლია თინიბექაი, მოწამლეს იქნებ? გმირს ღალატი, რაინდს სიკვდილი ხომ მუდამ უსაფრდება მითოსურ, ზღაპარულ დრამაში.

ფაქტია - ერთდროს ძლიერი თინიბექაი კვდება არა ბრძოლის ველზე, არამედ საკუთარ ციხე-კოშკში, რომელიც ინგრევა თავის მხრივ, როგორც ყოველი ჭურჭელი დროთა განმავლობაში.

ეს ციხეკოშკი მებრძოლის საცხოვრისია, “მე”-ს სახლია, მებრძოლი “მე”-ობის. სადაც სუსტდება აქტიური “მე”, იქ მძლავრობს უკვე ცხოველური: “ზედა ზის შავი ყორანი, ლიბოში გველი ძვრებისა.” აქტიური “მე”-ს სახე მითოსსა და ზღაპარში ყოველთვის გმირია, მებრძოლია, მებრძოლი, რომელიც ყოველთვის ბრძოლით მოიპოვებს შემეცნებას, რომლის შედეგადაც იცვლება არსებული და ტრასფორმირდება რაღაც ისეთად, რაც თვისობრივად სრულიად ახალია.

გავიხსენოთ გილგამეში, პრომეთე-ამირანი, თეზევსი, ოდისევსი და ა.შ.

მებრძოლი გმირის ეპიზოდური მარცხი ან მისი გამოჩენის დაყოვნება - “მე” ცნობიერების ანტიპოდი; ქვენა, ცხოველური და ინფერნალური ძალების გააქტიურებას იწვევს. ასპარეზზე გამოდის არალეგიტიმური, უკანონო, ტირანიული და ჰედონისტური ლტოლვებით აღსავსე მომხმარებელი, კრეტას მეფე მინოსი, ან თუნდაც პენელოპას საქმროები, რომელთაც გადაჭამეს ოდისევსის ითაკა.

მებრძოლი თინიბექაის “გულსუწადინო” კვდომაც მიზეზი ხდება მის ციხეკოშკში, მის სხეულში ერთისმხრივ ცხოველურის მომძლავრების, მეორესმხრივ კი მიზეზი მისი ცოლის, მისი ეგზიტენციის და ცნობიერების კლების, “სანთელივითა” დნობისა.

და აი თითოეული ჩვენთაგანი ცნობიერად თუ არაცნობირად, თავად უნდა თუ არ უნდა ეს, მაინც დგას თინიბექაის ციხე-კოშკის კართან, რომელიც ოდესმე უნდა გაიღოს ჩვენი ცნობიერებისთვის. ამ კარიბჭის გაღება აპოკალიპტური ბეჭდების ახსნას გავს, აი კიდევ ერთი ლექსი ხალხური და ერთი ციხე, რომელიც ჩვენივეა, ჩვენი აგებულია:

                               „რა ვქნისა ციხე ავაგე,
                               ჯავრი შავაბი კარადა,
                               საიქიოდან მოიდენ
                               ამ ციხის სანახავადა,
                               ბევრი უარეს ციხესა,
                               კარ ვერ გატეხეს ძალადა,
                               მერმე თქვეს: დრო რომ მოალის,
                               კარ გაიღების თავადა“.

დიახ, ამ ციხის სანახავად საიქიოდანაც, სულეთიდანაც მოდიან, ჩვენ მარტონი არ ვდგავართ მასთან პირისპირ, მაგრამ მისი კარი ძალით არ ტყდება, ის თავად იღება “დრო რომ მოალის”.

“აჰა, ეს რა სიძე მოვალს შუაღამესა ….. და გამზადებულნი შევიდეს სიძისა თანა …. და დაეხშა კარი.” კარი იღება და კარი იხურება კიდეც.

“დრო რომ მოალის” იქნებ შევიდეთ შიგნით და ვნახოთ დაჭრილი, ან სნეული თინიბექაი, იქნებ იგი ჩვენი საკუთარი “მე”-ა, მებრძოლი “მე”, ძველი ეპოქის რაინდებივით მივიწყებული. სამართლიანი თინიბექაი, ჰედონიზმის, კონფორმიზმისა და მომხმარებლობის დემონთა მიერ დევნილი და დასუსტებული წევს და მოგველის, რა უნდა გვითხრას მან? იგი აპოკალიფტური მეტაფორა კი არ არის მხოლოდ, არამედ ჩვენი მეხსიერების მომაკვდავი გმირი, ჩვენი “აპოკალიფტური ელდა”.
 
 
 


უკან  |  ნანახია 3445-ჯერ   |   შეფასება   |
ბეჭდვა
 ბეჭდვა


გსურთ კომენტირება ან აზრის გამოთქმა? დაწერეთ სტატია და დაუკავშირდით რომელიმე მასპინძელს ან ადმინისტრატორს.