რამდენიმე დღის წინ ვებ-გვერდ Youtube-ის მომხმარებელმა, რომელიც დარეგისტრირებულია ,,მამაბუასილი’’-ს მეტსახელით, ინტერნეტში განათავსა სავარაუდოთ მის მიერვე დამზადებული პირველი ვიდეო კლიპი, რომელიც საზოგადოების ერთი ნაწილის შეფასებით საქართველოს კათალიკოს პატრიარქის შეურაცხმყოფელი შინაარსის შემცველი იყო. აღნიშნულმა კლიპმა გარკვეული ,,პოპულარობა’’ მოიპოვა და საზოგადოების იგივე ნაწილში შესამჩნევი ვნებათაღელვა გამოიწვია მას შემდეგ, რაც კლიპი სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე განათავსა ქ-მა თეა თუთბერიძემ. ყოველივე ამას მოჰყვა შეფასებები, განცხადებები, მოთხოვნები, მუქარის წერილები და ... მეტი კლიპები იგივე ,,მამაბუასილი”-სგან. Youtube-ის ამ მომხმარებლის პოპულარობამ საგრძნობლად მოიმატა (პირველი კლიპის განთავსების მომენტში მას მხოლოდ ორი ,,მიმდევარი” (ე.წ.Subscribers) ყავდა, ხოლო ამ წერილის დაწერის მომენტში მათმა რაოდენობამ 30-ს გადააჭარბა).
ამ წერილის მიზანი არ არის სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის თუ კერძო პირის მიერ ზემოთ აღნიშნული მოვლენების შეფასებათა კომენტირება, რადგან ნათელია, რომ ერთის მხრივ კომენტარები თუ შეფასებები ისედაც ბევრი გაკეთდა, ხოლო მეორეს მხრივ ყველა კომენტარი ,,მოსალოდნელი”-ს ფარგლებში იჯდა გამომდინარე იქიდან თუ ვინ იყო მისი ავტორი. ,,მამაბუასილის” კლიპების გამოჩენა, თანდართული აჟიოტაჟით, განხილულ იქნა როგორც პატრიარქის, ეკლესიის და ,,ქართველი ერი”-ს შეურაცხყოფის, სახელმწიფოს საფუძვლების რღვევის, სახელისუფლებო გუნდის მიერ (თავისუფლების ინსტიტუტთან ერთად) აგორებული კამპანიის, ქ-ნი თეა თუთბერიძის გონებრივი სისუსტის თუ გამოხატვის თავისუფლების პრინციპის ჭრილში. მეტიც, რამდენიმე დღიანი აზრთა ,,გაცვლა-გამოცვლის” შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული კონსენსუსიც კი შედგა აღნიშნულ კლიპებთან მიმართებაში სხვადასხვა შეფასებების მქონე საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის, კერძოთ კი - არავინ დაობს კლიპების ხარისხზე.
და მაინც, მიუხედავად მრავალი ზედაპირული თუ ღრმა ანალიზის მცდელობისა, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა დარჩა უპასუხოდ – რა უნდა ,,მამაბუასილს”? რაც მთავარია ,,უნდა” და არა ,,უნდოდა”, რადგან მიუხედავად ხმაურისა (თუნდაც კლებადი ტენდენციის მქონე), ,,მამაბუასილი”-ს მიერ დამზადებული მსგავსი შინაარსის ვიდეო კლიპების რაოდენობა მატულობს (დღეისათვის 8 კლიპი). ე.ი. მიზეზი (თუ მიზეზები), რის გამოც გაჩნდა პირველი კლიპი კვლავ არსებობს.
არსებობს პრობლემების ანალიზის საკმაოდ პოპულარული თეორია, რომელიც გვირჩევს ანალიზის პროცესში მოვახდინოთ პრობლემების კლასიფიცირება სამ ჯგუფად: ძირითადი პრობლემა, სიმპტომური პრობლემა, გამომწვევი (იგივე მიზეზობრივი) პრობლემა. აღნიშნული თეორიის მიხედვით შეუძლებელია ძირითადი პრობლემის გადაჭრა თუ არ მოხდება გამომწვევი პრობლემ(ებ)ის იდენტიფიცირება და მთელი ძალისხმევა მიმართული იქნება სიმპტომური პრობლემ(ებ)ის გადაჭრისკენ, ანუ იმ პრობლემებისკენ, რომლებიც ზედაპირზე ჩანს. თუ გვინდა გავიგოთ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, პირველ რიგში უნდა ვიკითხოთ რა უნდა ,,მამაბუასილს”? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დაგვეხმარება ვიპოვოთ ის ჭრილი, რა ჭრილშიც უნდა მოხდეს პრობლემის განხილვა. სხვა შემთხვევაში ნებისმიერი მსჯელობა იქნება მხოლოდ სპეკულაცია და მეტი არაფერი.
ვერსია I – ეს არის უბრალო ,,ანცობა”, Youtube–ის ,,თინეიჯერმა” მომხმარებელმა გადაწყვიტა გააშარჟოს პატრიარქი (ნაკლებად მნიშვნელოვანია გააზრებული ჰქონდა თუ არა მას რა შეიძლება მოჰყოლოდა ამ ქმედებას).
ეს ვერსია ალბათ ყველაზე არადამაჯერებლად ჟღერს ორი მიზეზის გამო: 1. ეს არ იყო ერთჯერადი ქმედება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კლიპების ავტორს რაღაც მოტივაცია ამოძრავებს; 2. კლიპები თემატურად დაკავშირებულია და ეხმაურება კონკრეტულ საკითხებსა თუ მოვლენებს.
ვერსია II - ,,მამაბუასილი”-ს ქმედება წარმოადგენს ხელისუფლების მიერ ,,დედა ეკლესიის” წინააღმდეგ აგორებული ,,ბინძური” კამპანიის ნაწილს; მეტიც, სავარაუდოთ არავითარი ,,მამაბუასილი” არ არსებობს და ამ ფსევდონიმით Youtube–ის სივრცეში ოპერირებს შსს-ს რიგითი თანამშრომელი; ყველაფერი კი დაიგეგმა ,,თავისუფლების ინსტიტუტი”-ს ბნელ კორიდორებში; თუმცა, ,,ქართველი ერი”-ს საბედნიეროთ, ხელისუფლებამ ვერ გათვალა და აღნიშნულ ,,კამპანიაში” ჩართო ისეთი ოდიოზური ფიგურა, როგორიცაა ქ-ნი თეა თუთბერიძე, რამაც ხელისუფლების გეგმები გამოააშკარავა.
რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, სწორედ ამ ვერსიამ ,,მოიპოვა პოპულარობა” საზოგადოების დიდ ნაწილში (ალბათ იმიტომ, რომ ვერსიის წყარო საპატრიარქოს ოფიციალური განცხადებაა, თუმცა ამ შემთხვევაში ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია). პრინციპში იგივე ვერსია გააჟღერა თითქმის ყველა ,,ოპოზიციურად განწყობილმა პოლიტიკურმა ლიდერმა”, მათ შორის მათ ვინც შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს ,,რელიგიური შეფერილობის თემების პოლიტიკური დაპირისპირების სიბრტყიდან” გატანაში ხედავს (თითქოს ,,მამაბუასილს” Youtube–ით შეჰქონდეს პოლიტიკურ სიბრტყეში).
ვერსიას ,,აქვს არსებობის უფლება” (ეს ერთ-ერთი სიტყვათაშეთანხმებაა, რომელიც ამ ისტორიამ ძალზედ პოპულარული გახადა ,,ბინძურ კამპანია”-სა და ,,თავისულფლების პრინციპის ბოროტად გამოყენება”-სთან ერთად), მაგრამ ...
ცოტა დაუჯერებელია (თუ არა ღიმილისმომგვრელი) ხელისუფლება, რომელიც საპატრიარქოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებს 25 მილიონი ლარით (ამ ფულის ხარჯვის მიზნობრიობის შემოწმება რატომღაც არ ხვდება კონტროლის პალატის კომპეტენციის ფარგლებში), ფოთის ეკლესიის მშენებლობაზე გამოყოფს ასეულობით ათას ლარს (თუ არ ვცდები 300,000 ლარი დაიხარჯა), საპატრიარქოსთან ასოცირებულ ტელევიზიას ,,ერთსულოვნება” აფინანსებს აგრეთვე ასეულობით ათასი ლარით (კონტროლის პალატა ცხადია არც აქ ფიგურირებს), პატრიარქის დაბადების დღისთვის მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზებისთვის გამოყოფს 800,000 ლარს, მღვდელმთავრებს ,,ასაჩუქრებს” უახლესი, საუკეთესო ბრენდისა და მაღალი გამავლობის მქონე ძვირადღირებული ავტომანქანებით, საპატრიარქოს გადასცემს ასეულობით (თუ არა ათასობით) ჰექტარ მიწას და სხვადასხვა შენობა-ნაგებობებს, აქტიურ მონაწილეობას იღებს ყველა მნიშვნელოვან საეკლესიო დღესასწაულში და ა.შ და ა.შ, Youtube –ზე განთავსებული კლიპების საშუალებით ბრძოლას უცხადებდეს საპატრიარქოს.
მოკლედ, თუ გავითვალისწინებთ ,,მამაბუასილი”-ს Youtube–ის ანგარიშზე და ქ-ნი თეა თუთბერიძის Facebook–ის გვერდზე შემსვლელთა რაოდენობას (მთლიანობაში ალბათ არ აღემატება 2,000 ადამიანს) და თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ინტერნეტ-მომხმარებელთა აბსოლუტური უმრავლესობა ნეგატიურად არის განწყობილი განხილული კლიპებისადმი, წინამდებარე ვერსიის არსებობის ერთადერთი მიზანი ხელისუფლების ინტელექტუალური შესაძლებლობების კიდევ ერთხელ კითხვის ქვეშ დაყენება შეიძლება იყოს.
თუმცა, არსებობს კიდევ ერთი, III ვერსია, რომელსაც გარკვეული მიზეზების გამო (ეს ალბათ მნიშვნელოვანწილად ქ-ნ თეა თუთბერიძეზე აქცენტის გადატანამ განაპირობა) ყველაზე ნაკლები ყურადღება დაეთმო. კერძოთ – ვინმე ,,მამაბუასილი” არის ერთი რიგითი მოქალაქე, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში საკუთარი პოზიცია ,,არატრადიცული” გზით დააფიქსირა. დაუჯერებელია? არც ისე. იქნებ დროა თავი დავანებოთ რეალობის ,,საბჭოთა” აღქმას და ყველაფრის უკან არ ვეძებოთ ვიღაცის ფარული ,,მაკოორდინირებელი” ხელი?
თუ ამ, ბოლო ვერსიას ჩავთვლით სანდოთ, მაშინ საინტერესოა რისი თქმა უნდა ,,მამაბუასილს”? ისევ და ისევ, ნაკლებადმნიშვნელოვანია კლიპების ხარისხი (ხარისხზე აპელირება საერთოდ სასაცილოა) ან რამდენად ეთიკურია გამოხატვის ეს ფორმა, რადგან ერთის მხრივ არ მგონია ავტორს (საინტერესოდ ჟღერს ეს სიტყვა :)) პრეტენზია ქონდეს ხელოვნების ნიმუშის შექმნაზე, ხოლო მეორეს მხრივ ეთიკურობა-არაეთიკურობა ძალიან ფარდობითი ცნებებია და მათზე აპელირება საქმის არსს დაგვაშორებს. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე ძნელია თუ გავითვალისწინებთ იმ კონტექსტს, რა კონტექსტშიც მოხდა როგორც პირველი, ისე შემდგომი კლიპების დამზადება. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ,,მამაბუასილმა” გააპროტესტა პატრიარქის მიერ ღიად გამოთქმული 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შეფასება. აქ შეიძლება მრავალი კითხვა დაისვას, მაგრამ ჩემთვის ამ შემთხვევაში საინტერესოა მხოლოდ ერთი: სად არის პრობლემა?
პრობლემა სწორედ იქ არის რასაც ,,მამაბუასილი” აპროტესტებს თავის კლიპებით და ამ ისტორიის ანალიზის სხვა ჭრილში გადატანა იმ მიზეზით, რომ კლიპები ,,უხარისხო” და ,,არაეთიკურია” უბრალოდ სასაცილოა. პრობლემა (პრობლემები) კი იმაშია, რომ ეკლესია უხეშად ერევა სახელმწიფოს საქმეებში (ამის მაგალითები უხვადაა, მაგრამ ნამდვილად სამაგალითო იყო პატრიარქის მოწოდება ხელისუფლებისთვის გადაერჩინა სოფლის მეურნეობა და კერძოთ კონკრეტული ვაზის ჯიშები, მათ შორის ოჯალეში), ხელისუფლებას ან რესურსი არ ყოფნის ან სურვილი დაიკავოს სანათადო პოზიცია (შეფასება ,,თავისუფლების პრინციპის ბოროტად გამოყენება” ამის ნათელი დადასტრურებაა), ე.წ. ,,საზოგადოება” გაუნათლებელია და ბრმად ემონება როგორც პირველს ისე მეორეს (ხელისუფლების ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ,,მრევლს” შეადგენს), მედია არაკვალიფიციურია და თავისი ქმედებებით ამ პრობლემებს კიდევ უფრო აღრმავებს, ,,ოპოზიციური ფლანგი” და არასამთავრობოები ან ყველაფერში მარტო ხელისუფლებას ადანაშაულებენ ან თვითონაც ,,მრევლს” წარმოადგენენ. მნიშვნელობა არ აქვს რამდენად გაცნობიერებული აქვს ,,მამაბუასილს” საკუთარი ქმდების არსი. მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ჭაობში, ვიძინებთ ჭაობში, ვიღვიძებთ ჭაობში და რაც ყველაზე დამთრგუნავია – ვერთობით ამ ჭაობით.
შეიძლება რთულია ზუსტი დიაგნოზის დასმა, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო ,,მამაბუასილი”-ს მამოძრავებელი მოტივი, მან შესძლო ამ ჭაობის შენჯღრევა თუნდაც უხეში და ბევრისთვის მიუღებელი ფორმით. და ეს რყევა გაგრძელდება მიუხედავად იმისა მოსწონს ეს ვინმეს თუ არა. გაგრძელდება არა იმიტომ, რომ ,,მამაბუასილი” არ გაჩერდება, არამედ იმიტომ რომ საზოგადოება, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ ნელ-ნელა თავისუფლდება და შობს ახალ ,,მამაბუასილებს”, ანუ იმათ ვისაც ეს ჭაობი ყელში ამოუვიდა და ვისაც ხმის ამოღების არ ეშინია.