"Patriotism is a pernicious, psychopathic form of idiocy." - ჯორჯ ბერნარდ შოუ.
“ჩვენს ფესვებზე აყვავდება საქართველო!” “აღზარდე შვილი, მამულიშვილი! პა-ტრიოტებს სალამი, არ დაგვეშვას ალამი!”
ეს არის ვარციხის “პატრიოტთა ბანაკის” ერთ-ერთ რაზმის დევიზი და შეძახილი. რაზმს „ფესვები“ ჰქვია და სალომე ჯაშის დოკუმენტურ ფილმში “ლიდერი ყოველთვის მართალია” მთავარი “პერსონაჟია”. ეს ფილმი პატრიოტთა ბანაკშია გადაღებული. ამ ბანაკს, სადაც უკვე 100 ათასმა მოზარდმა დაისვენა პატრიოტთა ბანაკი ქვია და არა, მაგალითად პიონერული, ახალგაზრდული, გამაჯანსაღებელი და ასხვა. ამიტომაც, რეჟისორს სწორედ ეს აინტერესებს - რა არის “პატრიოტული” ამ ბანაკებში. როდესაც ფილმს ნახავთ დარწმუნდებით, რომ აქ განსხვავებულად ერთობიან, განსაკუთრებულად და პატრიოტულად. (ფილმის შესახებ მოუსმინეთ რეჟისორს რადიო გადაცემაში “თავისუფალი აზრი”
http://www.gipa.ge/radio/data/Tavisufali-azri8.mp3).
ბანაკში რამდენიმე რაზმია, ყოველ რაზმს თავისი ლიდერი ყავს, რაზმის ლიდერებს კი ბანაკის ხელმძღვანელი უფროსობს. ვარციხის ბანაკს 81-ე საშუალო სკოლის დირექტორი ხელმძღვანელობს. ეს ქალბატონი, რომელიც ბავშვების დიდი სიყვარულით ზაფხულის არდადეგებსაც მათთან ერთად ატარებს, ბანაკის “პატრიოტულ შინაარს” განსაზღვრავს.
პატრიოტები მწყობრში სიარულს, ერთად ლოცვას და პათეტიკურ “მიტინგობანას” სწავლობენ. დიახ, მიტინგობანას! ყველანი ერთად იკრიბებიან, მათ ბანაკის ხელმძღვანელი მიმართავს და ასწავლის როგორ უნდა უყვარდეთ სამშობლო, როგორ უნდა დაიცვან ის და როგორ არ უნდა იყოს მათში არც ერთი წვეთი სისხლი არაქართული. შემდეგ ბავშვები მუშტს იღერებენ და ერთად ყვირიან სა-ქარ-თვე-ლო! სა-ქარ-თვე-ლო! სა-ქარ-თვე-ლო! პატრიოტებს ყოველთვის უნდა ეხუროთ პატრიოტის ქუდი, უნდა ეცვათ პატრიოტთა ფორმა ანუ წითელი მაისური. პატრიოტთა უმეტესობას სურს ლიდერობა, მაგრამ როგორც ხელმძრვანელი ეუბნება, ლიდერი რომ გახდე, მასების დამორჩილება უნდა ისწავლო, მაგარი ბიჭი უნდა იყო!...
ბანაკში ერთი დღე “საქართველოს დღეა”. ამ დღეს მხოლოდ ქართული მუსიკა ისმის, ამ დღეს განსაკუთრებით უყვართ სამშობლო, საღამოს კი განსაკუთრებულად პატრიოტული სპექტაკლი იდგმება. ეს საღამო ბანაკის ხელმძღვანელის ყველაზე საუკეთესო თვითგამოხატვის საშუალებაა, სპექტაკლი კი მისი შემოქმედებითობის უნიკალური პროდუქტი.
სცენაზე ახალგაზრდები მხირულობენ. უეცრად მუსიკა ჩერდება და ბავშვებიც შეშდებიან. ახალგაზრდებს “ზეციური საქართველოდან” ხმა მიმართავს. აქედან შეშფოთებული ბავშვები შეჰკივლებენ - ვინ ხარ შენ? და მერე იწყება: - “მე ის ვარ ვინც ცოცხლად დამარხეს! ის, ვისაც ცოცხლად ააძვრეს თავზე სკალპი! ის, ვისაც ძუძუების კერტებს აჭრიდნენ! მე ყველა ის ქალი ვარ, რომელსაც ყოველ დღე აუპატიურებდნენ!...“ ამ დროს კამერა სცენიდან ე.წ. ადუტორიაში გადადის, სადაც ჩაცუცქული დირექტორი მოჩანს, ბანაკის ხელმძღვანელი, რომელსაც “ძუძუების კერტები მოაჭრეს” და რომელიც მგზნებარე ხმით აგრძელებს: “მე აფხაზეთი ვარ! მე თქვენი ტკივილი ვარ! მე თქვენი დარდი ვარ! მე ის ვარ რომელიც გელოდებათ!...” სპექტაკლი სრულდება და იწყება აპლოდისმენტები, მქუხარე ტაში, სა-ქარ-თვე-ლო! სა-ქარ_თვე-ლო! სა-ქარ-თვე-ლო! ჩვენ ერთი გუნდი ვართ!”
13 წლის ბექას სალომე ჯაში მისი ბანაკში ყოფნის პირველ და უკანაკსნელ დღეს ეკითხება - რას ნიშნავს პატრიოტიზმი? პირველად ბექა ვერ პასუხობს, (ამბობს რომ არ იცის). ბანაკში გატარებულ რამდენიმე დღეში ბექამ ამ კითხვაზე პასუხი ისწავლა. “პატრიოტიზმი არის, როდესაც შენს სამშობლოზე ფიქრობ, როდესაც იცავ შენს სამშობლოს.პატრიოტიზმი იმას არ ნიშნავს, მარტო გართობას და სიმღერებს. იმასაც ნიშნავს, რომ უნდა დაიცვა წესი, ლიდერს უნდა უსმინო და ლიდერი ყოველთვის მართალია.” “ლიდერი ყოველთვის მართალია” – ეს არის ახალი ქართული პატრიოტიზმის ფორმულა. ამას ასწავლიან პატრიოტულ ბანაკებში ათასობით ბავშვებს.
პატრიოტი, რომელსაც ბანაკი არ მოსწონს და სახლში დაბრუნებას გადაწყევტს, ბანაკის ხელმძღვანელი კიდევ ერთი დღით დატოვებს. “მე შენ არ გაიძულებ, გთხოვ რომ დარჩე. ერთი დღეც მაჩუქე რაა” - შემდეგ, მის მშობლებს ამცნობს კიდევ ერთი დღით გადავადების ამბავს: “თუ მაჩუქებთ ამ ბავშვს კიდევ ერთი დღე, მემგონი სხვანაირი დაგიბრუნდებათ. უბრალოდ მინდა, რომ შეხედულება შევაცვლევინო. პირად კონტროლზე ავიყვან მისი გართობის ამბავს”...
თუმცა პატარა, “არშემდგარი” პატრიოტი ბანაკში არ ჩერდება და სახლში მიდის. სალომე ჯაშის ფილმში ის ერთადერთი განსხვავებული, თავისუფალი ბავშვია. ყველაზე პატარა, მაგრამ ყველაზე გაბედული, ინდივიდუალური, დაუმორჩილებელი მოზარდი, რომელიც ღიად გამოხატავს უკმაყოფილებას და არც დირექტორის შეგონებას ექვემდებარება ასე მარტივად. (იხ. ასევე სოფო კილასონიას სტატია “ჯოს... ჯოს... ჯოს... - ვაშა! ვაშა! ვაშა!” (“24 საათი” 17.11.2009).
http://24saati.ge/index.php/category/culture/2009-11-27/1638.html
ლაშა ბაქრაძე რადიო გადაცემაში “თავისუფალი აზრი” ამბობს: “ასეთი პატრიოტიზმი, ფსევდო, ყალბი ფასეულობების შექმნა ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ეს მახსენებს 80-იანი და 70-იანი წლების საბჭოთა კავშირს, რომელსაც მოვესწარი, როდესაც პატრიოტული აღზრდა, მხოლოდ სიყალბე და ზედაპირულობა იყო. ზუსტად ასეთივეა დღეს” (
http://www.gipa.ge/radio/data/tavisufali-azri8.mp3 ). დიახ ჩვენ გვაქვს ყალბი და ფსევდო-პატრიოტული პათეტიკა ქართულ სუფრაზე, მიტინგზე ან სხვა ნებისმიერ ადგილას არტისტული თვითგამოხატვის ტრადიცია. ზოგი თვლის, რომ ეს არტისტული ბუნება არის ქართველი ერის გადაშენების შემაკავებელი, ზოგი კი მას ჩვენი განვითარების შემაკავებელ ფაქტორად მიიჩნევს. იმდენად შევეჩვიეთ ამ სიყალბეს და ფარისევლობას, რომ ხშირ შემთხვევაში მის დანახვაც გვიჭირს. ჯერ ისევ ცოტა ადამიანი იცინის ქართულ სუფრაზე გამოთაყვანებული თამადის მგზნებარე სადღეგრძელოებზე, ცოტა ღიზიანდება, როდესაც მიტინგზე პოეტი გამოდის და აკანკალებული ხმით ზეპატრიოტულ ლექსებს კითხულობს, ჯერ ისევ ტანში ჟრიალი დაგვდის “საქართველოს” ქოროს შეძახილზე და ქვეყნის სიყვარული ჯერ ისევ ქუჩაში დროშით სირბილში, სიგნალით და თავზე შავი ბაფთის შემოხვევით განისაზღვრება. ეს ყალბი პათეტიკა არა ერთხელ გამოგვიხატავს და არაერთი წელია მისი თანხლებით ვცხოვრობთ. განსხვავება არსად არის, მაშინაც და ახლაც გვასწავლიან, როგორ უნდა “გვიყვარდეს” სამშობლო, გვასწავლიან არტისტულობას და სიყალბეს. ამიტომაც (ბოდიშს მოვიხდი, უკვე მეორედ მომყავს ეს მაგალითი, მაგრამ...) ერთნაირად ვტირით და ერთნაირად ვგრძნობთ “პოლიფონიურ ერთობას” 2008 წლის 12 აგვისტოს და 2009 წელს “12 აგვისტოს” ფილმის გადაღებებზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად ენდი გარსია, ხოლო ბალტიის ზღვის ერთერთი ქვეყნის პრეზიდენტის ამპლუაში გივი სიხარულიძე მოგვმართავს.
თავად სალომე ჯაში ამბობს, რომ “პატრიოტთა ბანაკი” ამ ქვეყნის მინი მოდელია. ჯაშის სიტყვებმა განსაკუთრებით აღაშფოთა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ინტელექტულები (სამწუხაროა, რომ ჯაშის ფილმი არც ერთ მათგანს უნახავს და მხოლოდ მოამბეთა ნაამბობით ხელმძღვანელობენ) რომელთაც პრობლემა მხოლოდ ერთ კონკრეტულ მასწავლებელში თუ ლიდერში დაინახეს. აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ ლიდერების უმეტესი ნაწილი, სწორედ ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის (პარტიის) წევრები არიან. დიახ, ეს იდელოგოზირებული ბანაკი, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც სიყალბესა და ფარისევლობაზე დგას. ვისაც ეს პარალელი აშფოთებს, მას როგორც ჩანს კოსტავას ქუჩაზე ახალი პოლიციის შენობის გახსნის ცერემონიალი არ უნახავს, რომელიც პირდაპირ მოგვაგონებს საბჭოთა მილიციის აღზევებას, თვალი არ მოუკრავს სატელევიზიო ვიდეო რგოლებისათვის, რომელიც პატრიოტიზმის პროპაგანდას ეძღვნება (ხან ფსოუს წყალს გვასმევენ, ხან აფხაზეთში გვიშვებენ დასასასვენებლად, ხან გვეუბნებიან რომ კარგი მანქანის მართვას, კარგი “ტანკის” მართვა ჯობია და ა.შ.) როგორც ჩანს მათ არც მთელ ქალაქში გაბნეული 50 კვ მეტრიანი ბილბორდები შეუნიშნავთ რომელზეც ლაშა ბუღაძე წერს: “არავინ არ გეპრანჭება ამ ფორმით პატრიოტიზმზე, რელიგიურობაზე, პროფესიონალიზმზე და წესიერებაზე... ჩვენ კი რით ვეღარ განვიკურნეთ ამ ფარისევლობისა და პათეტიკისაგან! ნუთუ ჩვენს გემოვნებაზეც ნატოში უნდა იზრუნონ?
http://24saati.ge/index.php/category/culture/2009-11-27/1652 სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ამ სიყალბის პროპაგანდა ძალიან ეფექტურად მუშაობს “პა-ტრიოტთა ბანაკშიც” და მთლიანად ქართულ საზოგადოებაშიც. და თუკი იმას, რაც ბანაკში ხდება, ერთ შტერ ხელმძღვანელს დავაბრალებთ, ვის დავაბრალოთ ყველაფერი დანარჩენი ის, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ. ან თუკი არც ამ ვიდეო რგოლებს, ბილბორდებს, პატრინოტებს და “პატრიოტებს” დიდი დატვირთვა არა აქვს, მაშინ რისთვის იხარჯება ამდენი ფული ამ “უმნიშვნელო დეტალებზე?!”
ჩვენ ვიღებთ და ვირგებთ ამ ტყუილს და როგორც სოფო კილასონია წერს, არაფერს ან კი ვერაფერს ვაკეთებთ მის წინააღმდეგ, ჩვენც ამ ფარსის ნაწილი ვართ და ვიქნებით იქამდე, ვიდრე გზას და ხერხს არ მოვნახავთ მის საწინააღმდეგოდ.
ფილმის პრემიერის შემდეგ დისკუსია გაიმართა. ვარციხის პატრიოტთა ბანაკის ხელმძღვანელი ადუტორიის კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. “ჩვენ არ ვხელმძღვა-ნელობთ არსებული პროგრამით, ის რასაც ბანაკში ვქმნით, ჩვენ გვეკუთვნისო” – ამბობდა ბანაკის დირექტორი. სცენაზე გასული “პატრიოტი ლიდერებისთვის” შეურაცხმყოფა არავის მიუყენებია, არაფერი არაკორეტული მათი მისამართით არ თქმულა... დისკუსიის ბოლოს კი 81-ე სკოლის დირექტორი, ბანაკის ხელმძღვანელმა ტაშიც კი დაიმსახურა ადიტორიასთან ღირსეული ოპონირებისათვის.
უცნაურია, რომ ქართული ინტელექტუალური community-ს ერთი ნაწილის, ქვეყნის “ჭეშმარიტად ლიბერალური და ინტელექტუალური საზოგადოების” აღშოთება ფილმში ასახულ რეალობას არ გამოუწვევია. ამ ინტელექტუალთა კრიტიკა ირონიულად “პროგრესულ ქართულ საზოგდოებად” მონათლულმა გოეთეს ინსტიტუტის აუდიტორიამ დაიმსახურა. “საქმე იმაშია, რომ თქვენც ის აღმოჩნდით ვისაც აკრიტიკებთ, თქვენ ისტერიკაში ჩავარდით და ლამის ჩაქოლეთ “ლიდერი” - ამბობდნენ ისინი. შეფასებები რომ გადაჭარბებულია, ამაზე საუბარს აღარ გავაგრძელებ. დიახ, კრიტიკა მართლაც ემოციური იყო. პატრიოტთა ბანაკების კრიტიკოსებსა და ამ ბანაკების მხარდამჭერებს შორის სხვაობა მხოლოდ ერთია: აღმოჩნდა, რომ ინტელექტუალური community-ს ერთ ნაწილს არა თუ ქვეყნის მმართველი პარტიის მიზნებსა თუ ფსევდო პატრიოტული ფასეულობების, არამედ საკუთარი მოსაზრებების თუ დამოკიდებულების სისწორეშიც არ შეუძლია ეჭვის შეტანა. სწორხაზოვნება და ამ სწორი ხაზით, გადახვევების გარეშე “დიადი მიზნისკენ” სიარული კი ძალიან ამსგავსებს ერთმანეთს ქვეყნის ხელისუფლებას და მის ინტელექტუალურ ბაზას. ინტელექტუალებს, რომელსაც ფილმის შემდეგ გამართული დისკუსია უფრო აშფოთებს, ვიდრე პატრიოტული ბანაკების პაროდია განათლებაზე!
და ბოლოს. ბანაკში ასწავლიან პატრიოტიზმს, უტარებენ გაკვეთილებს და მიუთითებენ, როგორ უნდა უყვარდეთ სამშობლო და იმასაც ყოველდღიურად შეახსენებენ, რომ დაკარგული სამშობლო, აფხაზეთი მათ უნდა დაიბრუნონ. რადგან ჩემი ტექსტი ისედაც დატვირთულია სხვათა ციტატებით, გიორგი მაისურაძის მოსაზრებით დავასრულებ, რომელიც ქართულ, თანამედროვე პატრიოტიზმზე რადიო გადაცემაში ამბობს: “სიყვარული არ არის იდეოლოგია, ის თავისუფალი გრძნობაა და არა თავსმოხვეული. პატრიოტიზმი კი ამ შემთხვევაში არის იდეოლოგია, რომელიც გაიძულებს. რა დგას ამის უკან? გაჩნდა იდეოლოგია, რომ - “შენ ხარ პატრიოტი, შენ ვალდებული ხარ მსხვერპლად გაიღო შენი სიცოცხლე სამშობლოსათვის”. არ არსებობს კანონი, რომელიც გავალდებულებს საკუთარი სიცოცხლის დათმობას თუნდაც სამშობლოსათვის.”