ჯადოს ახსნა
16.11.2009
მასპინძელი

გიგა ზედანია

რეცენზია გიგი თევზაძის წინგზე ”განჯადოება. ხუთი ესე თანამედროვე საქართველოს შესახებ” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2009)
 
 
ზუსტად ათი წლის წინათ გიგი თევზაძის წიგნი გამოქვეყნდა სახელწოდებით ”ძალაუფლების სიმულაციები”. არ ვიცი, მისი რამდენი მკითხველი დაეთანხმა მაშინ წიგნის არგუმენტაციას, მაგრამ დღეს ვერავინ უარყოფს იმას, რომ ავტორმა საოცარი სიზუსტით მიაგნო ფაქტორს, რომელიც 2003 წლამდე განსაზღვრავდა პოლიტიკური პროცესების განვითარებას და რომელიც 1999 წელს სულაც არ იყო ნათელი: სიმულაცია. ცხადია, სიმულაციის კონცეპტი ფრანგი სოციოლოგის, ჟან ბოდრიარის თეორიიდან იყო ნასესხები. მაგრამ გიგი თევზაძემ ამ მოდურ პოსტ-მოდერნულ ცნებას ზუსტი მნიშვნელობა შესძინა ქართულ კონტექსტში: სიმულაცია ძალაუფლებისა, რომელიც ვერ აკმაყოფილებდა თანამედროვე სახელწიფოსათვის აუცილებელ ვერც ერთ მოთხოვნას: ვერც საჯარო სიკეთეებს სთავაზობდა მოქალაქეებს და ვერც - ძალადობაზე მონოპოლიას.
 
გავიდა ათი წელი, რომელთა განმავლობაშიც გიგი თევზაძემ კიდევ რამდენიმე წიგნი დაწერა: ”ინსტიტიტუციური ცვლილებების სოციოლოგია”, ”ძალაუფლების დაბრუნება” და დიალოგების კრებული ”აქ და ახლა”. მაგრამ ის ტექსტი, რომელიც ამ დღეებში გამოქვეყნდა, ყველაზე მეტად მაინც მისივე 1999 წლის წიგნის ასოციაციებს იწვევს. მიზეზი სწორედ იმ საერთო თემის მოძებნაა, რომელიც აერთიანებს ახალ წიგნს: განჯადოება.
 
ისევე როგორც სიმულაციის ცნება იყო აღებული ბოდრიარისაგან, განჯადოების ცნებაც სოციალურ მეცნიერებების არსენალში უნდა ვეძიოთ. როგორც თავად წიგნში ამოვიკითხავთ, განჯადოება ”ნიშნავს ცვლილებას - რელიგიასა და სასწაულებზე ორიენტირებული მსოფლხედველობიდან რაციონალიზმზე ორიენტირებულ მსოფლხედველობაზე გადასვლას” (გვ. 5).
 
თუ სიმულაცია საზოგადოების პოლიტიკურ ქვე-სისტემას ეხებოდა, განჯადოება მთელი საზოგადოების პრობლემაზეა. კონკრეტულად კი, იმაზე თუ რა უშლის ხელს ქვეყნის მოდერნიზაციას. მაგრამ პოლიტიკიდან შორს არ ვართ, უბრალოდ გავედით პოლიტიკის სოციოლოგიის საზღვრებიდან. სფერო, რომელსაც ეს ესეები მიეკუთვნება, უფრო პოლიტიკური ანთროპოლოგიის სამფლობელოა - ”ჯადოს” ანუ ტრადიციული საზოგადოების კულტურის გავლენის ანალიზი თანამედროვე პოლიტიკურ სისტემაზე; ამ ანალიზით - per definitionem – ”ჯადოს მოხსნა”, ”განჯადოება” მიიღწევა. ამიტომაც შემთხვევით არ ჰქვია წიგნში შესულ ერთ-ერთ ესეს: ”პირველად - პოლიტიკური ანთროპოლოგია საქართველოში”. გიგი თევზაძე აქ უდაოდ ნოვატორია.
 
თემები, რომლებსაც წიგნში თავმოყრილი ხუთი ესე აანალიზებს, საკმაოდ მრავალფეროავანია: მეცნიერება; მოქალაქეობის ინსტიტუტი; კანონიერი ქურდები; ნაციონალიზმი; საქართველოს როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაგასაყარის ინტერპრეტაცია. აქადან ჩემი პირადი ფავორიტი მაინც უკანასკნელი ესეა, სადაც დეკონსტრუირებულია მითი იმის შესახებ, თითქოს საქართველო ოდითგანვე სატრანზიტო ქვეყანად განიხილებოდა და ნაჩვენებია, თუ რა კონკრეტული პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ მითის შეცვლას. მთავარი წანამძღვარი, რომელიც მომავალის პროექტს უდევს საფუძვლად, არის ყოველგვარი მოცემულობის ეჭვს ქვეშ დაყენება, რათა გზა გაეხსნას ახალ იდენტობათა გამოგონებას. ნაციონალური იდენტობა აღარ უნდა იყოს დამყარებული ბუნებრივი მოცემულობებისა და განსაზღვრულობების მითზე, არამედ მომავლის იმ პროექტზე, რომელიც აქ და ახლა უნდა იქნეს ”ნასროლი” (ხომ არ უნდა გაგვახსენდეს აქ ის ფაქტი, რომ გიგი თევზაძის პირველი დისერტაციის თემას ჰაიდეგერის ეგზისტენციალური ანალიტიკა წარმოადგენდა - მომავლის ერთმნიშვნელოვანი პრიმატით დროის სხვა მოდუსებზე?)
 
ეს, ცხადია, არ ნიშნავს იმას, თითქოს წიგნში შემოთავაზებული კონცეფციები გადასინჯვას არ დაექვემდებარება. მეცნიერება არის ის, რაც ფალსიფიცირებადია. პირადად მე, მაგალითად, ნაციონალური და რელიგიური იდენტობების განსხვავება დღევანდელ საქართველოში სწორედ ის საკითხი მგონია, სადაც გიგი თევზაძის კონცეფცია კრიტიკულ გადალახვას საჭიროებს. ის, რასაც გიგი რელიგიურ იდენტობას უწოდებს, ჩემი აზრით, სწორედ იმიტომაა დღეს ბევრისთვის მიმზიდველი, რომ საკუთარ თავში სხვაგვარ ნაციონალიზმს ფარავს, ეთნიკურ, სისხლსა და საერთო წარმოშობაზე დამყნობილ ნაციონალიზმს. ხოლო ის, რაც წიგნში უბრალოდ ნაციონალიზმის სახელით აღინიშნება, ზოგიერთი დასავლელი ავტორის მიერ ”სამოქალაქო ნაციონალიზმად” არის მონათლული, ხოლო სხვები მას მარტივად პატრიოტიზმს - ლოიალობას სახელმწიფოს მიმართ - უწოდებენ. რელიგიური იდენტობა საქართველოში იმდენად მჭიდროდაა გადაწნული ნაციონალიზმის გარკვეულ ფორმასთან, რომ მისი ძალაც უფრო ასეთი ეთნიკური სახის ნაციონალიზმიდან მოდის, ვიდრე საკუთრივ რელიგიის მახასიათებელი შინაგანი დინამიკიდან. მეტიც, ამის შეხსენება წიგნს ”გარედან” სულაც არ სჭირდება: როდესაც ერთ-ერთ ესეში გიგი მოქალაქეობის ორ ინსტიტუტზე საუბრობს, ჩემი აზრით, ის სწორედ ამ განსხვავებას აღმოაჩენს ნაციონალიზმის ორ სახეს შორის, რომლებსაც ჰანს კონი საკუთარ კლასიკურ გამოკვლევაში კარგ დასავლურ ნაციოლიზმსა და ცუდ აღმოსავლურ ნაციონალიზმს უწოდებს - განსხვავება, რომელიც ხშირად ყოფილა გაკრიტიკებული, მაგრამ რომელსაც დღესაც არ დაუკარგავს საკუთარი ევრისტიკური მნიშვნელობა.
 
მთავარი, რასაც ეს წიგნი გვთავაზობს - ესაა გაოცება იმის შესახებ, თუ რამდენად არამყარია ჩვენი ყოველდღიური თუ სამეცნიერო წარმოდგენები ჩვენი საკუთარი საზოგადოების შესახებ. ეს წიგნი იქნება დაინტერესებული მკითხველის ცნობიერების განჯადოება - იმ ცრურწმენებისაგან (და, ასევე, როგორც გიგი იტყოდა, იმ ”უმსჯელოებათაგან”), რომელთა წარმოშობა აღარც გვახსოვს, მაგრამ - და შეიძლება სწორედ ამიტომაც - რომლებიც  ჭეშმარიტებად მიგვაჩნია.
 
 
 


უკან  |  ნანახია 3927-ჯერ   |   შეფასება   |
ბეჭდვა
 ბეჭდვა


გსურთ კომენტირება ან აზრის გამოთქმა? დაწერეთ სტატია და დაუკავშირდით რომელიმე მასპინძელს ან ადმინისტრატორს.